logo
ENG



უკრაინა ნატოს მოუწოდებს, მოამზადოს სანქციები რუსეთის თავდასხმის აღსაკვეთად

01 დეკ 202115:19
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინა ნატოს მოუწოდებს, მოამზადოს სანქციები რუსეთის თავდასხმის აღსაკვეთად
reuters.com

უკრაინა ნატოს მოუწოდებს, მოამზადოს "რუსეთის შემაკავებელი" სანქციების პაკეტი უკრაინაზე თავდასხმის აღსაკვეთად და კიევთან სამხედრო თანამშრომლობა გაზარდოს. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიგაში მინისტერიალის ფარგლებში დასავლეთის ალიანსთან ერთად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა შეაჩერონ რუსეთი ხელახალი თავდასხმისგან მას შემდეგ რაც მათ ჯარები უკრაინის საზღვართან მიიყვანეს.

ჩვენ მოვუწოდებთ მოკავშირეებს რომ შეუერთდნენ უკრაინას რუსეთის შემაჩერებელი სანქციების პაკეტის შექმნაში, - განაცხადა დმიტრო კულებამ რეპორტიორებთან, მას შემდეგ რაც ის რიგაში ნატოს წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩავიდა.

ამ ახალი შეთანხმებების პაკეტის ფარგლებში ნატომ უნდა მოამზადოს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი გადაწყვეტს აირჩიოს „ყველაზე უარესი სცენარი“. კულებას თქმით, ალიანსმა უკრაინასთან თანამშრომლობით ასევე უნდა გააძლიეროს ქვეყნის სამხედრო დანაყოფები და თავდაცვა.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თუ გავაერთიანებთ ძალებს და ვიმოქმედებთ კოორდინირებულად, ჩვენ შევძლებთ პრეზიდენტი პუტინის შეჩერებას და გავუქრობთ ამ საშინელი სცენარის - სამხედრო ოპერაციის განხორციელების მოტივაციას, - განაცხადა კულებამ.

დანიის საგარეო მინისტრმა იეპე კოფოდმა კი მინისტერიალის პირველი შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნებისმიერ იმ სამხედრო ოპერაციას, რომელიც უკრაინის სუვერენულობაში ჩაერევა, პასუხად მძიმე შედეგები მოჰყვება. მან ასევე აღნიშნა, რომ დანია მზადაა მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციებს.

ამავე პოზიციას იზიარებს ნატო და ამერიკის შეერთებული შტატებიც. 

რიგაში 30 ქვეყნის წარმომადგენელთა პირველი შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა:

უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ტიპის აგრესია რუსეთს ძვირად დაუჯდება და მისთვის სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მოიტანს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი გაიზიარა სტოლტენბერგის პოზიცია და განაცხადა:

რუსეთის მხრიდან ნებისმიერ დაძაბვისკენ მიმართულ მოქმედება ამერიკისთვის მნიშვნელოვანი საკითხი იქნება და ნებისმიერი განახლებული აგრესია გამოიწვევს [რუსეთისთვის] სერიოზულ შედეგებს."

საპასუხოდ რუსეთი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი იძულებული გახდება იმოქმედოს, თუ ამერიკა და ნატო უკრაინაში ისეთ სარაკეტო იარაღს განათავსებს, რომელსაც შეუძლია მოსკოვს რამდენიმე წუთში დაარტყას.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე სახიფათოდ მიაჩნია ბელარუსის მიერ ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება. 2021 წლის 30 ნოემბერს ლუკაშენკომ შეცვალა საკუთარი პირვანდელი ნეიტრალური პოზიცია და განაცხადა, რომ 2014 წელს როცა რუსეთი ყირიმში შეიჭრა ეს სამართლებრივად რუსეთის ტერიტორია იყო.

ბელარუსი რუსეთის ახლო მოკავშირეა თუმცა მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ანექსია დაგმო და რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა ლუკაშენკოს ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა არჩეული და საჯაროდ არ აღიარებდა, რომ ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთს ეკუთვნის. მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ყირიმს უკრაინის ტერიტორიად აღიარებს.

ბელარუსის მხრიდან  ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება, ჩვენს ბილატერალურ ურთიერთობაში იქნება წერტილი საიდანაც უკან დახევა შეუძლებელია და ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ. ყირიმი ჩვენთვის ის ტერიტორია რომელზე კომპრომისიც არ შეგვიძლია, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. 

რუსეთი შავი ზღვაში ყირიმის ნახევარკუნძულზე 2014 წელს შეიჭრა და დაიკავა, შემდეგ კი მხარს უჭერდა აჯანყებულებს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სახელმწიფო ჯარებთან ბრძოლაში. უკრაინის ცნობით, კონფლიქტმა 14 000 ადამიანი იმსხვერპლა.

***

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ნოემბერში განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი სამხედროა მობილიზებული.

ვაშინგტონმაც გააფრთხილა ევროკავშირი, რომ მოსკოვი, შესაძლოა, უკრაინაში შესვლისთვის ემზადებოდეს. 14 ნოემბერს უკრაინამ აშშ-ისგან საჩუქრად 80 ათასი კილოგრამი საბრძოლო მასალა მიიღო.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი რუსეთს სამხედრო გეგმების შესახებ გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.

26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.


close დახურვა