logo
ENG



ადვოკატი მედიკამენტებზე: ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილის დასუსტება სცადა

06 დეკ 202115:18
3 წუთის საკითხავი
clock 878

ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერ მედიკამენტებს აძლევდნენ, აძლიერებს ეჭვს, რომ ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტის გარკვეულწილად დასუსტება ან მისი უნარების შეზღუდვა სცადა.

თუთბერიძის ინფორმაციით, ამ მედიკამენტის მიღება მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის ციხეში დაიწყო.

"ბუნებრივია, როცა ემპათიის ხელმძღვანელისგან ვისმენთ, რომ ძალიან ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა მიხეილ სააკაშვილს ისე, რომ შესაძლოა ეს საჭირო არ ყოფილიყო, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მიხეილ სააკაშვილის გარკვეულწილად ან დასუსტება ან მისი გარკვეული უნარების შეზღუდვა იმისთვის, რომ სააკაშვილს ვერ შესძლებოდა სასამართლოში წარდგენა.

მედიკამენტის მიღება, რომელზეც ვსაუბრობთ, ჩემი ინფორმაციით, დაიწყო რუსთავში. თუ იქნება ადამიანის უფლებების დარღვევა, ცხადია, რომ გამოვიყენებთ სტრასბურგში", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

4 დეკემბერს, ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ბარათში ფსიქოტროპული პრეპარატი ფიგურირებს. 

ჯიშკარიანისთვის გაუგებარია, რატომ ფიგურირებს ასეთი პრეპარატი მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ბარათში, რადგან მას ფსიქოზი არ აღენიშნებოდა. მისივე თქმით, საპატიმრო დაწესებულებაში "ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება". 

ჯიშკარიანის თქმით, უცნობია ჰქონდა თუ არა იუსტიციის სამინისტროს რაიმე განზრახვა თუ პრეპარატს საძილე მიზნით იყენებდა. მისივე განცხადებით, სააკაშვილმა იცოდა, რომ საძილე მედიკამენტს იღებდა და არა ფსიქოტროპულს.

ჯიშკარიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მედიკამენტის მიღების მოხსნის მეორე დღესვე ცვლილება აღენიშნებოდა. 

ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან 19 ნოემბერს გადაიყვანეს. 


close დახურვა