აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან ილაპარაკა.
ბაიდენის თქმით, პუტინს უთხრა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგები მოჰყვება.
"მე ძალიან პირდაპირი ვიყავი. ზრდილობიანად, მაგრამ ძალიან ნათლად ვთქვი, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება: ისეთი ეკონომიკური შედეგები, რაც არავის უნახავს და არასდროს გატარებულა. მისი მყისიერი პასუხი იყო, რომ მან ეს გაიგო.
გარდა ამისა, მე ვთქვი, რომ შესაძლოა დაგვჭირდეს ჩვენი წარმომადგენლობის გაზრდა ნატოს ქვეყნებში, რათა აღმოსავლეთის მოკავშირეებს ერთგულება დავუდასტუროთ". - თქვა ჯო ბაიდენმა.
მისივე განცხადებით, პუტინთან ლაპარაკისას აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის.
კვირის ბოლოს კი შესაძლოა კიდევ იყოს შეხვედრა რუსეთთან, ამჯერად ნატოს ოთხი მოკავშირე ქვეყნის მონაწილეობით.
"რათა განვიხილოთ რუსეთის შეშფოთება NATO-სთან დაკავშირებით ზოგადად, რათა მოხდეს აღმოსავლეთ ფრონტზე ტემპერატურის დაწევა". - თქვა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ განიხილება ამერიკელი სამხედროების გაგზავნა უკრაინაში.
ასევე, მისი განცხადებით, უკრაინაზე არ ვრცელდება NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომლის მიხედვითაც, რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება, თუმცა, აშშ-ს აქვს მორალური და სამართლებრივი ვალდებულება ნატოს მოკავშირეებთან დაკავშირებით.
"ჩვენ გვაქვს მორალური და სამართლებრივი ვალდებულება ნატო-ს მოკავშირეების მიმართ. მეხუთე მუხლის ვალდებულება უკრაინაზე არ ვრცელდება, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება, რისი გაკეთების ნება ექნებათ ნატო-ს სხვა წევრებს.
იდეა, რომ აშშ ცალმხრივად გამოიყენებს ძალას, რათა დაუპირისპირდეს რუსეთს, რომელიც უკრაინაში შეიჭრა, ამ ეტაპზე არ განიხილება. მაგრამ რაც მოხდება, რუსეთისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს. დარწმუნებული ვარ, პუტინმა ჩემი გზავნილი გაიგო". - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ერთ თვეზე მეტია, უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროა მობილიზებული.
26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.
უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზების მიზეზი უკრაინის NATO-სკენ სწრაფვაა.
კრემლმა ვაშინგტონისგან მოითხოვა გარანტია, რომ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს არ შეუერთდება და რომ ალიანსი თავს შეიკავებს გარკვეული სამხედრო მოქმედებებისგან უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო.