logo
ENG



622 ათასი ინფიცირებული - რა ვითარებაა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

28 მარ 202020:29
3 წუთის საკითხავი
 

პრევენციული ზომების მიუხედავად, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია უკონტროლოდ ვრცელდება. ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 622 ათასს გადააჭარბა, დაღუპულთა რიცხვი კი 29 ათასს უახლოვდება.

სახელმწიფოები მეცნიერებს სთხოვენ, მოვლენების შესაძლო განვითარების მიახლოებული მოდელი წარუდგინონ. მსოფლიოში ვითარების გაუარესების ფონზე, პანდემიის დაძლევის პირველი იმედი დღეს სამხრეთ კორეაში გაჩნდა. 

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ პირველად, სამხრეთ კორეაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე დაავადებულების. ვირუსი ქვეყანაში 4800-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა, რაც კლინიკებში დარჩენილ პაციენტთა რაოდენობას 300-ით აღემატება. 50%-იანი განკურნების შენარჩუნებისა და ახალი შემთხვევების პრევენციის მიზნით, სამხრეთ კორეაში ჩასულ მოქალაქეებს ტესტირებას აეროპორტშივე უტარებენ.

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე დატვირთული აეროპორტი დღეს მთლიანად ცარიელია. ოფიციალურმა ანკარამ ყველა საერთაშორისო რეისი შეიჩერა და საქალაქთაშორისო მიმოსვლაც შეზღუდა. მიზეზი კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მომატება გახდა. ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვი თურქეთში გასამმაგდა, დაღუპულთა რიცხვი კი უკვე 100-ს აღწევს. ამიერიდან საქალაქთაშორისო მიმოსვლა განხორციელდება მხოლოდ გუბერნატორთა ნებართვით. მთლიანად შეწყდება საერთაშორისო რეისების შესრულებაც.

მსხვერპლის ზრდასთან ერთად ესპანეთში გამოჯანმრთელების ტემპი დაჩქარდა. ვირუსისგან კიდევ 3 ათასამდე ადამიანი განიკურნა, რაც 31%-იანი მატებაა. გარდაცვლილთა რაოდენობით, რომელიც უკვე 5800-ს აჭარბებს, ესპანეთს მხოლოდ იტალია უსწრებს. ქვეყანაში ერთ დღეში ვირუსს თითქმის ათასი ადამიანი ემსხვერპლა. "ესოშიეითიდ პრესის" ფოტოგრაფებმა იმ ექიმების პორტრეტები გამოაქვეყნეს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის ფრონტის ხაზზე 24-საათიან რეჟიმში იბრძვიან.

ბოლო 24 საათში ინფიცირების შემთხვევებმა 15%-ით მოიმატა გერმანიაში. ვირუსი დამატებით 6 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს, დაღუპულთა საერთო რიცხვი კი 399-მდე გაიზარდა. ათასს გადააჭარბა მსხვერპლმა დიდ ბრიტანეთში.

მკაცრი ზომების გატარებას იწყებს რუსეთიც, რომელმაც პირველად ერთ დღეში ორი გარდაცვლილის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. არასამუშაო კვირის დაწყების ფონზე კრემლი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილების შეზღუდვის საკითხსაც განიხილავს.

მომდევნო კვირებში ინფიცირების შემთხვევებისა და მსხვერპლის რაოდენობის მკვეთრ ზრდას ვარაუდობენ შეერთებულ შტატებში. ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ნიუ-იორკში 8 საველე ჰოსპიტალს აწყობენ. ვითარების გაუარესებისთვის ემზადებიან ლოს-ანჯელესშიც, სადაც ბოლო დღეებში ინფიცირებულთა რიცხვი გასამმაგდა. ადგილობრივი კლინიკების დასახმარებლად ქალაქის პორტში სამედიცინო ხომალდი შევიდა.

უხანი კი, საიდანაც პანდემია დაიწყო, ორთვიანი იზოლაციის შემდეგ საზოგადოებისთვის ნაწილობრივ გაიხსნა. 11-მილიონიან ქალაქში დღეს პირველი სარკინიგზო რეისი შესრულდა.


close დახურვა