logo
ENG



დროა: კობახიძის განცხადების ზიანი იმაზე დიდია, ვიდრე მხოლოდ ქვეყნის იმიჯის შელახვა

05 იან 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock 641
2022/01/05/memqr68jeqw98uv.png

პარტია დროა ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც აშშ-ის საელჩოს ეხება და ამბობს, რომ მმართველი გუნდის ლიდერის დამოკიდებულების ზიანი იმაზე დიდია, ვიდრე მხოლოდ ქვეყნის იმიჯის შელახვა. 

საუბარია საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი რიტორიკა რუსული სტილის "სუვერენული დემოკრატიის" მოდელს ჰგავს.

"პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ დაესხა თავს საქართველოს მთავარ პარტნიორებს და განაცხადა, რომ მათი განცხადებები "არყევს ქართული საზოგადოებს ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ", რასაც მმართველი პარტია "არ დაუშვებს".  მსგავსი რიტორიკა ძალიან ჰგავს რუსული სტილის “სუვერენული დემოკრატიის” მოდელს, რომელიც სახელმწიფოების მხრიდან ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის დამახინჯებულ გაგებას გულისხმობს და გზას უხსნის ავტორიტარიზმს.

ამ განცხადებისა და დამოკიდებულების ზიანი იმაზე დიდია, ვიდრე მხოლოდ ქვეყნის იმიჯის შელახვა. მსოფლიოში სწორედ ახლა ყალიბდება რეალობა, რომელიც საქართველოს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. გასული სამი დღის განმავლობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან არაერთი საყურადღებო ნაბიჯი გადაიდგა:

დასავლეთისთვის საერთაშორისო დღის წესრიგში ბრუნდება ღირებულებების მნიშვნელობა და დასავლეთი მოკავშირედ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებს მიიჩნევს, ავტორიტარულ სახელმწიფოებს კი - მოწინააღმდეგეებად:

სწორედ ამ ფონზე, განგაშის ზარი უნდა იყოს საქართველოში აშშ-ის საელჩოს 3 იანვრის განცხადება, რომელშიც საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებისთვის ძირის გამოთხრასა და სასამართლო სისტემის შესუსტებაში ამხილა. ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ღიად აღნიშნა, რომ დემოკრატიაზე ამგვარი დარტყმები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის აშორებს და დაუცველს ხდის რუსული საფრთხეების წინაშე;

ამ ფონზე, ირაკლი კობახიძის მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმა მიმდინარე გეოპოლიტიკური ტენდენციებისაგან ჩამოშორების გეგმაზომიერი ნაწილია. საქართველოს მომავლის განმსაზღვრელ შეხვედრებში მთავრობის წევრები არათუ არ მონაწილეობენ, არამედ ხშირად მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შესახებ შესაბამისი უწყებები განცხადებებსაც კი არ ავრცელებენ", - წერია განცხადებაში. 

დროა მიიჩნევს, რომ ქვეყანას არ აქვს საერთაშორისო მოვლენებისაგან დისტანცირების ფუფუნება. ამიტომ, რადგანაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინტერესების საერთაშორისო ლობირებაში პასიურია, საქართველოს დასავლურ ბანაკში დასარჩენად, ანუ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სუვერენიტეტის გადასარჩენად, სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის ინიციატივა ხელში პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა აიღოს.

დროაში ამბობენ, რომ პროდასავლურ კოალიციასთან ერთად პარტია აქტიურად იმუშავებს, რათა ერთად წარვადგინოთ საქართველო და კიდევ ერთხელ ცხადვყოთ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ს საელჩოს კრიტიკული განცხადება არასამართლიანია და უზუსტობებს შეიცავს. 

ბრიფინგზე, სადაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ მიიწვიეს, კობახიძემ თქვა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები არღვევს საზოგადოების ნდობას დასავლეთის მიმართ.


close დახურვა