logo
ENG



ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, მომიტინგეები საოლქო ადმინისტრაციაში შეიჭრნენ, შენობა იწვის [ვიდეო]

05 იან 202214:29
3 წუთის საკითხავი
clock 818
2022/01/05/x5nlw3z7ysaszbt.png
ფოტო: Reuters

ყაზახეთში, მასობრივი პროტესტი გრძელდება. ქალაქ ალმათიში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები საოლქო ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. შენობას ცეცხლი უკიდია. 

აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, თუმცა მომიტინგეებმა შენობაში შესვლა მაინც მოახერხეს. ახლა საოლქო ადმინისტრაციის შენობა დემონსტრანტების მიერ არის დაკავებული. ჯერჯერობით უცნობია იქ დასაქმებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია.

აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან ღამე გაათიეს, დილით კი შენობის შტურმით აღება დაიწყეს. 

ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც. 

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც პროტესტი გრძელდება, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე შეფერხებულია მობილურ კავშირსა და ინტერნეტზე წვდომა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს რომ იწვის პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის შენობაც.  

მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა მოაწერა. პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.

განსაკუთრებით ვითარება გუშინ, 4 იანვარს დაიძაბა. პოლიციამ ქალაქ ალმათიში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ასევე, რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.


close დახურვა