logo
ENG



წვრთნების გამჭვირვალობის ზრდა, შეიარაღების კონტროლის გადახედვა - რა შესთავაზა NATO-მ რუსეთს

12 იან 202219:57
3 წუთის საკითხავი
clock 732
2022/01/12/61e42wctc5gw6mg.jpg

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა ჩატარდა. 

სხდომის დასრულების შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მედიასთან შეხვედრის დეტალებზე ილაპარაკა. 

მისი განცხადებით, სხდომა რთული იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი. 

"ჩვენ გვქონდა აზრთა ძალიან სერიოზული და პირდაპირი გაცვლა უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და ევროპული უსაფრთხოების შედეგებზე. 

NATO-ს მოკავშირეებსა და რუსეთს შორის ამ საკითხზე მნიშვნელოვანი განსხვავებებია. ეს განსხვავებები გადასალახად მარტივი არ იქნება.

თუმცა, პოზიტიური ნიშანია, რომ ნატოს მოკავშირეები და რუსეთი ერთ მაგიდასთან დასხდნენ და არსებით თემებზე ილაპარაკეს. მსგავსი შეხვედრის ჩატარება 2 წლის განმავლობაში შესაძლებელი არ ყოფილა". - თქვა სტოლტენბერგმა. 

მისი განცხადებით, საბჭოს სხდომაზე რუსეთმა კვლავ წამოაყენა ის პირობები, რომლებიც დეკემბერში გამოაქვეყნა და რომელიც, მათი მტკიცებით, უსაფრთხოებას ეხება. 

"ისინი გულისხმობს მოთხოვნებს, შეჩერდეს NATO-ში ახალი წევრების მიღება და აღმოსავლეთის მოკავშირე ქვეყნებიდან გავიდნენ ალიანსის სამხედრო ძალები. თავის მხრივ, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და ყველა ერის უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებზე. 

მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი უარს არ იტყვიან ერთმანეთის დაცვაზე, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჯარების ყოფნით". - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა ისიც, რომ ამავე დროს, რუსეთმაც და NATO-ს მოკავშირეებმაც გამოთქვეს დიალოგის განახლების საჭიროება და შემდგომი შეხვედრების განრიგზე ისაუბრეს. 

ამასთან, იენს სტოლტენბეგის განცხადებით, ​NATO-ს მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან შემდგომი შეხვედრებისა და მეტი დეტალის განხილვისთვის, კონკრეტული წინადადების დაყენებისა და კონსტრუქციული გამოსავლის მოძებნისთვის

მისი თქმით, ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით. 

"მოკავშირეებმა რუსეთს ასევე შესთავაზეს, განიხილონ შეიარაღების კონტროლი, განიარაღება და გაუვრცელებლობა, მათ შორის, რაკეტებზე საპასუხო შეზღუდვებისა და ბირთვული პოლიტიკის განხილვა. 

NATO-ს მოკავშირეები ასევე დაინტერესებულები არიან სამოქალაქო და სამხედრო კომუნიკაციების არხების გაუმჯობესებითა და მოსკოვსა და ბრიუსელში ოფისების აღდგენით. ისინი ამ მოლაპარაკებებში პროგრესის პერსპექტივას ხედავენ. 

ნატოს მოკავშირეებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინაში და ირგვლივ სამხედრო მობილიზებაზე და რუსეთს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ მოხდეს ვითარების დეესკალაცია და პატივი სცენ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. 

მათ ასევე მოუწოდეს რუსეთს, თავი შეიკავოს აგრესიული ძალების განლაგებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული მავნე ქმედებებისგან და დაიცვას ყველა მისი საერთაშორისო ვალდებულება და ვალდებულება.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ დიალოგი რთულია, მაგრამ კიდევ უფრო აუცილებელი. 

ნატოს მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი ყველა ღონეს გამოიყენებენ, რათა იპოვონ წინსვლის პოლიტიკური გზა". - თქვა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე. 


close დახურვა