logo
ENG



კონსორციუმი: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე მიმართული იყო ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნისკენ

13 იან 202211:50
3 წუთის საკითხავი
clock 745
კონსორციუმი: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე მიმართული იყო ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნისკენ

"ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც ეცადა, ჩაეკლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი", - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი თავისი აქციონერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.

კონსორციუმის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური სახის შენარჩუნების მცდელობა ქართული სასამართლოსა და მთავრობის მიერ:

"ჩვენი გადასახედიდან, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის განზრახვაა - ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს, ან თუ გაგრძელდება, არა კონსორციუმის ინვესტორების მონაწილეობით.

ეს არის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რამაც არსებითად დააზიანა კონსორციუმის საქმიანობა ანაკლიის პროექტის განვითარების მიმართულებით, რასაც მოჰყვა მთავრობის მიერ პროექტის უკანონო შეწყვეტა და შესაბამისი საარბიტრაჟო დავების დაწყება.

სამწუხაროდ, სამართლიანობის ეს უკანასკნელი დაცინვა კიდევ ერთი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეპუტაციულმა საერთაშორისო ფინანსურმა ჯგუფებმა არ განახორციელონ ინვესტიცია პროექტში.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ზიანისმომტანი შედეგები ნათელია:

ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებითა  და ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირის გამოთხრით ქართული ოცნების მთავრობამ ასევე განდევნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას.

ეს იმ ფარსის გაგრძელებაა, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს საინვესტიციო საზოგადოების, ევროკავშირისა და აშშ-ის მთავრობების და საკუთარი მოქალაქეების მოტყუებას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული, მისი ნამდვილი ზრახვების შესახებ.

ანაკლიის პორტის პროექტის მისამართით დეკლარირებული მხარდაჭერის მიუხედავად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მთავრობის ქმედებებმა აჩვენა, რომ იგი აქტიურად აჩერებს, ან ეწინააღმდეგება რაიმე პროგრესს დიდი ხნის ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართულებით.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ის დღე, როდესაც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში". 

***

3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო მათ არ დააპატიმრებენ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გაუუქმდათ შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა.


close დახურვა