logo
ENG

დაუნინგის ქუჩაზე პრინცი ფილიპის დაკრძალვის წინა ღამით 2 წვეულება გაიმართა

14 იან 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock 264
2022/01/14/9hua3d28bl4offw.jpg
bbc.com

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის ადმინისტრაციის წევრებმა პრინცი ფილიპის დაკრძალვის წინა ღამით, როცა კორონავირუსის შეზღუდვების გამო შენობაში და გარეთ შეკრება იკრძალებოდა, 2 წვეულება გამართეს.

ამ მოვლენებზე ინფორმაცია პირველად ბრიტანულმა გამოცემა ტელეგრაფმა გაავრცელა.

ტელეგრაფის ცნობით, წვეულება 2021 წლის 16 აპრილს დაიწყო და გამთენიამდე გაგრძელდა. ტელეგრაფის ინფორმაციით, წვეულებაზე ადმინისტრაციის თანამშრომლები ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ და ხმამაღალი მუსიკის ფონზე ცეკვავდნენ.

ერთ-ერთი წვეულება უკავშირდებოდა კომუნიკაციების ყოფილი დირექტორის ჯეიმს სლექის პოსტის დატოვებასა და დამშვიდობებას. სლექმა პარასკევს ბოდიში მოიხადა, თუმცა წვეულების სპეციფიკის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

„ეს არ უნდა მომხდარიყო მაშინ, როცა მოხდა. გულწრფელ ბოდიშს ვიხდი იმ ბრაზისა და ტკივილის გამო, რაც გამოვიწვიე“- აცხადებს, ჯეიმს სლექი. 

იმავე დღეს კი დაუნინგის ქუჩის 10 ნომრის სარდაფში პრემიერმინისტრის პირადი ფოტოგრაფი მეორე წვეულებას მართავდა.

ამ დროს ინგლისში რეგულაციები მოქმედებდა, რომელიც ადამიანებს დახურულ სივრცეებში სოციალიზაციას უკრძალავდა. გარეთ კი შეკრება მაქსიმუმ 6 ადამიანისთვის იყო დასაშვები.

აღნიშნული წვეულებები პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ, ეროვნული გლოვის პერიოდში გაიმართა. მეორე დღეს 17 აპრილს, დედოფალი ელიზაბეტი მარტო ესწრებოდა მისი ქმრის დაკრძალვას.

ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ედ დეივიც გამოეხმაურა ამ ფაქტს, მან პრემიერმინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა.

„დედოფალი რომელიც მარტო იჯდა და გლოვობდა თავის ქმარს, ეს იყო ლოკდაუნის განმსაზღვრელი ფოტო. არა იმიტომ, რომ ის დედოფალია, არამედ იმიტომ, რომ ის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელიც ისევე მარტო გლოვობდა, როგორც მრავალი სხვა. როცა ის გლოვობდა N10 სახლი წვეულებას მართავდა. ჯონსონი უნდა წავიდეს“, - წერს ტვიტერზე ედ დეივი. 

აღსანიშნავია, რომ ამ შეკრებებს თავად ბორის ჯონსონი არ ესწრებოდა, თუმცა დაუნინგის ქუჩაზე არაფორმალური წვეულებების სერიის გამო ჩნდება კითხვები ჯონსონის ადმინისტრაციაში წესების დარღვევის კულტურის შესახებ.

***

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონმა 12 იანვარს ბოდიში მოიხადა 2020 წლის მაისში დაუნინგის ქუჩაზე, პრემიერმინისტრის სახლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე დასწრებისთვის მაშინ, როცა ბრიტანელებს კორონავირუსის შეზღუდვების გამო შეკრება ეკრძალებოდათ.

ჯონსონმა ამ თემაზე კომენტარი რამდენიმე დღიანი კრიტიკის შემდეგ გააკეთა. ორშაბათს ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯონსონის პირადმა მდივანმა, მარტინ რეინოლდსმა დაუნინგის ქუჩის 10 ნომერში სოციალური დისტანციის დაცვით 20 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე პერსონალის 100 წევრს მოწვევა გაუგზავნა.

ჯონსონმა თქვა, რომ ვიდრე პრემიერ მინისტრისთვის განკუთვნილ სახლში შევიდოდა, გარეთ არსებულ შეკრებას 25 წუთით დაესწრო. მან განაცხადა, რომ ეგონა ეს სამსახურთან დაკავშირებული შემთხვევა იყო, თუმცა აღიარებს, რომ წინდაუხედავად მოიქცა.

იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დაარღვევს მინისტრთა კოდექსს, მოსალოდნელია, რომ ის გადაგდება პოსტიდან. აღსანიშნავია, რომ ჯონსონის კონსერვატიული პარტიის არაერთმა წევრმა უკვე დააფიქსირა აზრი, რომ ჯონსონი პრემიერმინისტრობიდან უნდა გადადგეს თუ დადასტურდება, რომ ის ამ არაფორმალურ შეხვედრას დაესწრო.

 

close დახურვა