logo
ENG



ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

14 იან 202215:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/14/5a7ee8grajscm6b.png

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი, მუზეუმის უფროსი კურატორი, ფერწერული ხატების ფონდის მცველი ნანა ბურჭულაძე გაათავისუფლეს.

ნინო ბურჭულაძე ხელოვნების მუზეუმში 1983 წლიდან მუშაობდა.

გარდა ამისა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ფონდებს კიდევ ორი კურატორი. მათ დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა გათავისუფლების შესახებ სიტყვიერად შეატყობინა და უთხრა რომ ფონდები ერთიანდება და არჩევანი სხვაზე შეაჩერეს.

როგორც გათავისუფლებული თანამშრომელი, ნინო ხუნდაძე ფორმულასთან საუბრისას აღნიშნავს, გარკვეული საკითხებისადმი კრიტიკული პოზიცია ჰქონდა და ეს დამოკიდებულება სამსახურშიც არასდროს დაუმალავს.

"არასდროს დამიმალავს, ეს იყო სატელევიზიო გადაცემა, ინტერვიუ თუ რადიო, ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის იყო ნათელი. [კრიტიკული პოზიცია] რასაკვირველია, მქონდა და ყველა იყო საქმის კურსში. სამსახურშიც ვლაპარაკობდი ამაზე გახსნილად. ალბათ, რაღაც უკმაყოფილო ამის გამოც იყო", - ამბობს ხუნდაძე.

ფორმულა დაუკავშირდა მუზეუმის დირექტორის მოადგილეს, გია მარსაგიშვილს და ჰკითხა, კურატორების სამსახურიდან გაშვება პოლიტიკური მოტივით ხომ არ მოხდა, რაზეც მარსაგიშვილმა ასე უპასუხა:

"რეორგანიზაციის დროს ალბათ იქნება გათავისუფლება, ჩვეულებრივი მოვლენაა. ვერ გეტყვით ვერაფერს მაგის შესახებ. ჩემი საქმეა ფონდების აღწერა. რეორგანიზაციის დროს ყველა დაბარებული, თანამდებობრივი სტატუსები იცვლება. ისინი ან უნდა დათანხმდნენ, ან არა. ცოტა ძნელია მაგაზე ზუსტი პასუხის გაცემა იმიტომ, რომ სამსახურია ეს... ამ ეტაპზე იცვლება თანამდებობები", - ამბობს მარსაგიშვილი. 

ხელოვნების მუზეუმში ახალი ხელმძღვანელი მას შემდეგ დაინიშნა, რაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, ყოფილი ხელმძღვანელი ეკა კიკნაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და "ლაბორანტად" დანიშნეს. კიკნაძე ეროვნული მუზეუმის დანგრევის შესახებ მომზადებულ დასკვნას აპროტესტებდა. წულუკიანის ბრძანებით, მისი თანამდებობა ნიკა ახალბედაშვილმა დაიკავა. 

ახალბედაშვილმა დანიშვნის შემდეგ მუზეუმიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა, რამდენიმემ კი სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა.

ხელოვნების მუზეუმის შენობა ისტორიულია, ის 1838 წელს ააგეს და ევროპული არქიტექტურის ნიმუშია, ამასთან, მუზეუმების ქუჩის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 

22 ივლისს გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს". 

ხელოვნებათმცოდნეები შენობის დანგრევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. მათივე შეფასებით, საფრთხე ექმნება მუზეუმში დაცულ ასობით ექსპონატს.  მათთვის მიუღებელია მუზეუმთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმაც.


close დახურვა