logo
ENG



ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს

20 იან 202217:18
3 წუთის საკითხავი
 

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ორი თანამშრომელი ხელოვნებათმცოდნე მაკა მაჭარაშვილი და კიდევ ერთი დიზაინერი გაათავისუფლეს.

მაკა მაჭარაშვილი მუზეუმში 10 წელი მუშაობდა.

თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ გათავისუფლებების უკან პოლიტიკური მოტივი დგას.

14 იანვარს ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს. 

ხელოვნების მუზეუმში ახალი ხელმძღვანელი მას შემდეგ დაინიშნა, რაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, ყოფილი ხელმძღვანელი ეკა კიკნაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და "ლაბორანტად" დანიშნეს. კიკნაძე ეროვნული მუზეუმის დანგრევის შესახებ მომზადებულ დასკვნას აპროტესტებდა. წულუკიანის ბრძანებით, მისი თანამდებობა ნიკა ახალბედაშვილმა დაიკავა. 

ახალბედაშვილმა დანიშვნის შემდეგ მუზეუმიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა, რამდენიმემ კი სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა.

ხელოვნების მუზეუმის შენობა ისტორიულია, ის 1838 წელს ააგეს და ევროპული არქიტექტურის ნიმუშია, ამასთან, მუზეუმების ქუჩის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 

22 ივლისს გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს". 

ხელოვნებათმცოდნეები შენობის დანგრევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. მათივე შეფასებით, საფრთხე ექმნება მუზეუმში დაცულ ასობით ექსპონატს.  მათთვის მიუღებელია მუზეუმთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმაც.


close დახურვა