ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც დასავლეთში ლეგიტიმურ მმართველად არ მიიჩნევა, აცხადებს, რომ ომი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსის ან რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია განხორციელდება.
"ომი იქნება თუ არა? დიახ, იქნება, მაგრამ მხოლოდ ორ შემთხვევაში: თუ ბელარუსის წინააღმდეგ განხორციელდება პირდაპირი აგრესია, თუ ჩვენი ბელარუსის წინააღმდეგ ომს გააჩაღებენ. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და ისინიც, ვისაც არ უნდა, დადგებიან მიწისა და სამშობლოს დასაცავად", - განაცხადა ლუკაშენკომ მოსახლეობისადმი მიმართვისას.
მისივე თქმით, ბელარუსზე თავდასხმის შემთხვევაში ასი ათასობით რუსი ჯარისკაცი მათთან ერთად იბრძოლებს.
"მეორე მომენტი, როცა ომი იქნება და ბელარუსი მასში მონაწილეობას მიიღებს, თუ ჩვენს მოკავშირეს რუსეთის ფედერაციას პირდაპირ დაესხნენ თავს, იგივე აგრესია განხორციელდება რუსეთის ტერიტორიების წინააღმდეგ. ამის საფუძველია - ჩვენი სამოკავშირეო შეთანხმებები", - ამბობს ლუკაშენკო.
***
რამდენიმე თვეა უკრაინის საზღვართან კვლავ რჩება ასი ათასამდე რუსი ჯარისკაცი. კიევი და დასავლური სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი შეჭრისთვის ემზადება.
26 იანვარს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მ და NATO-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გადასცეს. დოკუმენტის შინაარსი ცნობილი არაა. ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები, რომელზეც მოსკოვი აპელირებს, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების შეჩერებას გულისხმობს, რასაც დასავლეთი არ იზიარებს.
რუსეთმა აშშ-სა და NATO პირობები წაუყენა, რომ ალიანსმა უარი თქვას ახალი წევრების მიღებაზე, პირველ რიგში ეს ეხება უკრაინას. ასევე, არ განათავსოს ჯარები ქვეყნებში, რომელიც 1997 წლის შემდეგ გახდნენ წევრები.
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, პასუხში უკან არ დაუხევიათ NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც ალიანსის ღია კარის პოლიტიკას ეხება. წერილში, ასევე, ჩამოთვლილია ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთავაზებები, მათ შორის საუბარია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე ახალი ხელშეკრულების შესახებ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, პასუხის მომზადებისას მოკავშირეებმა მათი პოზიციებიც გაითვალისწინეს.
გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მზად არიან რუსეთს მოუსმინონ. ამავე დროს კი მოუწოდა მოსკოვს, რომ თავისი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან.
რუსეთში აცხადებენ, რომ NATO-სა და აშშ-ს წერილებს სწავლობენ, მომდევნო ნაბიჯებს კი პრეზიდენტი პუტინი განსაზღვრავს.