logo
ENG



ლოიდი: არ გვჯერა, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრა გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ ეს ნამდვილად შეუძლია

29 იან 202213:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/29/3ghm54t244gjfdt.jpg

პენტაგონის ლიდერებმა პარასკევს განაცხადეს, რომ მათ არ სჯერათ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმა საბოლოოდ  აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ მან ჯარები განათავსა, რათა სურვილის შემთხვევაში მოქმედების შესაძლებლობა ჰქონდეს.

თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ მარკ მილმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის ნაცვლად დიპლომატიური გზის არჩევისკენ მოუწოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ არ გვჯერა რომ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ძალების გამოყენების საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მას ახლა ეს ნამდვილად შეუძლია. და მისთვის რამდენიმე სხვადასხვა გზაა ხელმისაწვდომი, მათ შორის ქალაქებისა და დიდი ტერიტორიების დაკავება, მაგრამ ასევე პროვოკაციული პოლიტიკურ ქმედებებიც, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება.

არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ეს სიტუაცია კონფლიქტში უნდა გადაიზარდოს. მას [პუტინს] შეუძლია აირჩიოს დეესკალაცია. მას შეუძლია უკან გაგზავნოს ჯარისკაცები. მას შეუძლია აირჩიოს დიალოგი და დიპლომატია“, - განაცხადა ოსტინმა.

მილმა კი ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს 100 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული უკრაინის საზღვართან. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს მობილიზებული აქვს ბალისტიკური იარაღი, საჰაერო ძალები და ომის დაწყების შემთხვევაში უკრაინის მოქალაქეებს დიდი ზიანი მიადგებათ.

„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი ურბანულ სივრცეებში, გზების გასწვრივ და ა.შ. საშინელება იქნება და ამის აუცილებლობა არ არსებობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიპლომატიური შედეგები უნდა იყოს მთავარი მიდგომა“, - განაცხადა მილმა. 

***

რამდენიმე თვეა უკრაინის საზღვართან კვლავ რჩება ასი ათასამდე რუსი ჯარისკაცი. კიევი და დასავლური სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი შეჭრისთვის ემზადება.

26 იანვარს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მ და NATO-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გადასცეს. დოკუმენტის შინაარსი ცნობილი არაა. ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები, რომელზეც მოსკოვი აპელირებს, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების შეჩერებას გულისხმობს, რასაც დასავლეთი არ იზიარებს. 

რუსეთმა აშშ-სა და NATO პირობები წაუყენა, რომ ალიანსმა უარი თქვას ახალი წევრების მიღებაზე, პირველ რიგში ეს ეხება უკრაინას. ასევე, არ განათავსოს ჯარები ქვეყნებში, რომელიც 1997 წლის შემდეგ გახდნენ წევრები. 

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, პასუხში უკან არ დაუხევიათ NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც ალიანსის ღია კარის პოლიტიკას ეხება. წერილში, ასევე, ჩამოთვლილია ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთავაზებები, მათ შორის საუბარია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე ახალი ხელშეკრულების შესახებ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, პასუხის მომზადებისას მოკავშირეებმა მათი პოზიციებიც გაითვალისწინეს. 

გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მზად არიან რუსეთს მოუსმინონ. ამავე დროს კი მოუწოდა მოსკოვს, რომ თავისი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან. 

რუსეთში აცხადებენ, რომ NATO-სა და აშშ-ს წერილებს სწავლობენ, მომდევნო ნაბიჯებს კი პრეზიდენტი პუტინი განსაზღვრავს. 


close დახურვა