logo
ENG



ბრიტანეთის ელჩი უკრაინაში: კიევში ვრჩები, საელჩო ფუნქციონირებას განაგრძობს

12 თებ 202215:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/12/cgqmxfxv6s0v1t7.jpg

დიდი ბრიტანეთის ელჩი უკრაინაში, მელინდა სიმონსი აცხადებს, რომ კიევში რჩება და ძირითად ჯგუფთან ერთად საქმიანობას განაგრძობს.

სიმონსმა ტვიტერზე დაწერა, რომ საელჩო კვლავ ფუნქციურია.

„მე ვრჩები კიევში და ვაგრძელებ იქ მუშობას ძირითად გუნდთან ერთად. საელჩო განაგრძობს ფუნქციონირებას“ - წერს ბრიტანეთის ელჩი უკრაინაში.

გუშინ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში მყოფ ბრიტანეთის ოფიციალურ პირებსა და მოქალაქეებს ქვეყნის კომერციული რეისებით დატოვებისკენ მოუწოდა.

გაერთიანებული სამეფო მოქალაქეებს უკრაინაში მოგზაურობისგან თავის შეკავებასაც ურჩევს.

აღსანიშნავია, რომ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს ნიდერლანდები, იაპონია, ლატვია და სამხრეთ კორეაც.

11 თებერვალს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის სრულად მზად არის და უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდეს, ქვეყანა 48 საათში დატოვონ. 

აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს, მომდევნო კვირაში ან ორ დღეში დაიწყოს, როცა ვლადიმერ პუტინი შესაბამის ბრძანებას გასცემს.

დღეს კი AP News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ კიევში საელჩოს სრული ევაკუაციის შესახებ განცხადებას აშშ-ის მთავრობა დღეს გააკეთებს. ეს კი იმ ფონზე როცა დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ იანვარში კიევში საელჩოს ამერიკელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხის გამო უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამ განცხადების მიხედვით არაძირითად პერსონალს ქვეყნის დატოვება სურვილის შემთხვევაში შეეძლო.

თებრვლის დასაწყისში კი სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ბელარუსში გამგზავრება საშიშია.

ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა დაამტკიცა პენტაგონის გეგმა, რომელიც ამერიკელი სამხედროების პოლონეთში განთავსებას გულისხმობს, რათა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინაში მყოფ ათასობით ამერიკელს ევაკუაციაში დაეხმარონ. 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯით ცდილობს თავიდან აიცილოს ის ქაოსური ევაკუაცია, რაც აგვისტოში ავღანეთის შემთხვევაში მოხდა.

დღეს РИА Новости-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.

გამოცემას წყარო უყვება, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირების ევაკუაციის შემდეგ მოსკოვმაც გადაწყვიტა იმავენაირად იმოქმედოს.


close დახურვა