ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმის შუალედურ არჩევნებში კანდიდატურად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მათე ფუტკარაძე წარადგინა.
"მე მინდა ქართულ საზოგადოებას წარვუდგინო ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი მათე ფუტკარაძე, ადამიანი, რომელიც შედის ბრძოლაში, იქ სადაც მამამ გაიმარჯვა, იქ სადაც მამამ თვეების განმავლობაში კარდაკარ იარა და პირველ ტურშივე მოიპოვა გამარჯვება და ჩვენ ყველანი ნუგზარ ფუტკარაძის მეგობრები მივყვებით ამ ბრძოლაში მათეს და ამით დავამტკიცებთ, რომ ვერც შანტაჟი, ვერც მოსყიდვა, ვერც ძალადობა, სიკვდილიც კი, ვერ გაიმარჯვებს სამართლიანობაზე.
როგორც არასოდეს დარწმუნებული ვარ, რომ 2 აპრილს მათე ფუტკარაძე გაიმაჯრვებს და მას მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს, ვიდრე ცხონებულ ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც იმიტომ არ არის ჩვენთან, რომ ქართულმა ოცნებამ წააგო არჩევნები ბათუმში და გაყალბებული არჩევნების შედეგადაც კი 19 მანდატი მოიპოვა ოპოზიციამ, 16 კი ოცნებამ, რა გააკეთეს ამის მერე? ერთი ადამიანი გადაიბირეს, ერთი ადამიანი კი ზეციურ საქართველოში გაისტუმრეს" – თქვა ნიკა მელიამ.
2 აპრილს ცესკოს განკარგულებით, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.
2022 წლის 2 აპრილს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს.
შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მე-12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი მოიცავს ქალაქ რუსთავის 84 და გარდაბნის 33 საარჩევნო უბანს.
შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს.
ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.
ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ 24 ნოემბერს ბრიფინგზე თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.
კირთაძის თქმით, ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.
კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს ქართულ ოცნებაში გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს. მისი განცხადებით, ფუტკარაძემ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრები გაუსაძლის ხასიათს იღებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.