logo
ENG



ელისაშვილი ხოშტარია-ნათელაშვილისთვის მანდატის გაუქმებას მხარს დაუჭერს, ჯაფარიძისთვის - არა

15 თებ 202215:53
3 წუთის საკითხავი
clock 1801

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის საპარლამენტო მანდატის გაუქმებას მხარს დაუჭერს, ბადრი ჯაფარისთვის კი არა. 

მოქალაქეების ლიდერის თქმით, ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით მარტივია ვითარება - მას თავად არ უნდა პარლამენტში მუშაობა. 

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, ელისაშვილის შეფასებით, ის "ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია". 

"ძალიან მინდოდა, შალვა ნათელაშვილი ამ დარბაზში ყოფილიყო და მისთვის პირადად მეთქვა, რასაც ვფიქრობ მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, მაგრამ ახლა აქედან არ იქნებოდა კარგი. მე მიმაჩნია, რომ ის არის ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი პოლიტიკოსებს შორის. მითქვამს და ხმამაღლა ვამბობ, რომ მხარს დავუჭერ მისთვის მანდატის შეწყვეტას. ამით ფულს დავუზოგავ ჩემს სახელმწიფოს, იქნებ რამე ხეირიანს მოხმარედეს ის ფული". - თქვა ელისაშვილმა. 

ლელოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს კი ალეკო ელისაშვილი "ერთ-ერთი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დეპუტატია". 

"ვერავინ დამაბრალებს, რომ ლელო მიყვარს ან შემიყვარდა, ან რამე აღმატებული წარმოდგენა მაქვს. მაგრამ აქ, პარლამენტში ვაკვირდები, ვინ როგორ მუშაობს და ვის როგორ უნდა, რომ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი გამოიყენოს ხალხის სასიკეთოდ. ჩემი კონკურენტი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია ბატონი ბადრი. სხვა ამას არ იტყოდა, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ჩემთვის ის არის ერთ-ერთი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დეპუტატი და ძალიან კარგი დეპუტატი, ჩართულია ყველა პროცესში, განხილვებში, სვამს კითხვებს, ჩემი აღქმით, სწორ კითხვებს. ბევრი ასეთი დეპუტატი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ უკეთესი გახდეს. 

ამდენად, მე მიმაჩნია, რომ მისთვის მანდატის შეწყვეტა იქნება პოლიტიკური ანგარიშწორება. ვისურვებდი, შეიძლება გამოუსწორებელი ჰუმანისტი ვარ და მგონია, რომ ქართული ოცნება ბოლო მომენტში იტყვის, რომ არა, არ გავუუქმებთ ბადრი ჯაფარიძეს მანდატს". - თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

საქართველოს პარლამენტი ელენე ხოშტარიასთვის, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეჩერებას კენჭს დღეს, 15 თებერვალს უყრის. 

ხოშტარიამ მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს თავად მიმართა, ნათელაშვილს ქართული ოცნება არასაპატიო გაცდენებს ედავება, ბადრი ჯაფარიძეს კი სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და მმართველი პარტია სწორედ ამას იმიზეზებს. 


close დახურვა