logo
ENG



გონჩარენკო კონტრაბანდაზე: თუ ასეა, ეს ნიშნავს, რომ ოცნება უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაება

04 აპრ 202223:25
3 წუთის საკითხავი
 
გონჩარენკო კონტრაბანდაზე: თუ ასეა, ეს ნიშნავს, რომ ოცნება უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაება

უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ეხმაურება უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას, კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე.

ფორმულას გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა მან თქვა, რომ თუ ეს ინფორმაცია რეალურია, ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ომში უკრაინის წინააღმდეგ ჩაება.

როგორც გონჩარენკო აღნიშნავს, ხელისუფლებას უცნაური პოზიცია აქვს, რომელიც კითხვებს აჩენს.

"ჩვენ ვხედავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც არ არის არც ქართველი ხალხის ინტერესებში და არც იმ ფასეულობებში, რომლებიც ერთად გვაქვს. საქართველო დაზარალდა რუსეთის იმპერიალიზმისგან, 20% ოკუპირებულია და უცნაური პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას და ეს მასობრივ კითხვებს ბადებს. დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას ვენდობი.

არ მგონია, რომ ისინი შეცდომას უშვებენ. რუსეთს ალბათ აქვს გათვლა, რომ საქართველოს გავლით გაიტანს სამხედრო მრეწველობისთვის სათადარიგო ნაწილებს. თუ ეს მოხდა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაება რუსეთის ფედერაციის, პუტინისა და მისი ბანდის მხარეს", - თქვა გონჩარენკომ.

დეპუტატის შეფასებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია ამ ვითარებაში "ანტიქართულია".

"რას ვხედავ, როცა რუკას ვუყურებ? თქვენი ტერიტორია ოკუპირებულია, რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია და ავსტრალია, იაპონია და ახალი ზელანდია, რომელიც ათასობით კილომეტრის მოშორებითაა უკრაინისგან, უწესებენ სანქციებს რუსეთს იმიტომ, რომ ჩვენ საერთო ფასეულობები გვაქვს და საქართველო, რომელიც ახლობელი ქვეყანაა ჩვენთვის, ბევრი ქართველი ომშია ჩაბმული, საქართველოს მთავრობა კი ისეთ პოზიციას იკავებს, რომელსაც ვერ ავხსნი და ვერ მივიღებ. მთავარი ის კი არაა რომ იგი ანტიუკრაინულია, ჩემი აზრით, ის ანტიქართული პოზიციაა", - ამბობს გონჩარენკო.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. 

დაზვერვის სამსახურის განცხადებაში წერია: 

"საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, რუსეთის აგენტები კონტრაბანდის გზებს აყალიბებენ, რომლებიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ამასთან, საქართველოს სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს დირექტივა, არ შეაფერხონ კონტრაბანდისტების საქმიანობა"

ამ ინფორმაციას ფორმულას ეთერში ინტერვიუსას გამოეხმაურა უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი. მან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის  "მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე".

"ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა სახალხოდ განაცხადა, დაადანაშაულა რუსეთი და საქართველო, რომ ისინი ჩვენს ზურგს უკან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, როგორ გახსნან კონტრაბანდის გზა. საუბარი არ არის  მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე.

მე, როგორც ვიცეპრემიერმა, ადამიანმა, რომელიც იყო დეპუტატი და შედიოდა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, რომელიც ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გვესმის 2008 წლის შემდეგ, როგორ გავერთიანდით, გავაერთიანეთ ძალისხმევა, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ევროკავშირისკენ ერთად წავსულიყავით,მინდა ვიკითხო, თუ ეს მართალია და მე არ მაქვს მიზეზი, არ დავუჯეროთ ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს, თუ მათ ამის შესახებ სახალხოდ განაცხადეს, რატომ არის ეს შესაძლებელი?" - თქვა მან. 

უკრაინა, ასევე აცხადებს, რომ დღეისთვის ცნობილია რუსეთის ფედერაციის კონტრაბანდული საქონლით მომარაგების კიდევ ერთი არხი - აღმოსავლეთ აზია. სწორედ მისი დახმარებით მიეწოდება ოკუპანტ ქვეყანას ტექნიკა, ელექტრონიკა და ოპტიკური მოწყობილობები. 

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა და განაცხადა, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება".


close დახურვა