ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ეხმაურება უკრაინის საელჩოს მიერ შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევას და ამბობს, რომ სანამ უკრაინული მხარე დაზვერვის ინფორმაციაზე არგუმენტებს არ წარადგენს ან ბოდიშს არ მოიხდის, მანამდე ასეთ საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს.
"სანამ უკრაინის მხარე არ გააკეთებს განმარტებებს მათი უშიშროების ბინძურ ბრალდებებზე, არ იქნება არგუმენტები ან წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნება ბოდიში მოხდილი, მე ვფიქრობ, ასეთ საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს" - ამბობს ხუნდაძე.
დღეს, 8 აპრილს, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად პარლამენტარები მიიწვიეს.
როგორც მან საელჩოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოწვევა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
პარლამენტის პრესსამსახურმა ფორმულას განუცხადა, რომ მიწვევა არ მიუღიათ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და განაცხადა, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება".