logo
ENG



პაპუაშვილი ჩანაწერებზე: მონტაჟია - რა ადასტურებს, რომ ავთენტურია?

26 აპრ 202211:47
3 წუთის საკითხავი
clock 968

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ოლიგარქის საუბარი ისმის, ფალსიფიკაცია და მონტაჟია.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს იმისთვის, რომ "ქვეყანა ჩათრეული იყოს ომში".

"ჩვენ გუშინ ვიზუალურადაც კი ვიხილეთ, როგორ მზადდება და როგორ ხდება დეზინფორმაციული კამპანიის განხორციელება. ე.წ ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც მგონი, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მონტაჟია, როგორ ხდება ამაზე რეაქცია შიგნით და გარეთ, ვინ არიან ამაში ჩართული. როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზირება პარტიის და შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიების მიერ, როგორ ხდება შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის სირცხვილიას მიერ ამის ქვეყნის გარეთ გატანა და ა.შ. ეს არის სასკოლო მაგალით, როგორ მზადდება და ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია"- ამბობს პაპუაშვილი.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პაპუაშვილი ასე პასუხობს:

"ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნება და მედიაწიგნიერება, განსაკუთრებით, მედიაში, რომ არსებობდეს. რა ადასტურებს, რომ ეს ჩანაწერი არის ავთენტური? პირველი - არაფერი არ მიუთითებს, რომ არის ავთენტიკური, მეორე - არანაირი ფაქტი არაა, თუკი არის საუბრები, ამას ფაქტები ხომ უნდა მოჰყვეს? არც ფაქტი არ არის... ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა პირიქით - ადრესატმა" - ამბობს პაპუაშვილი.

გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.


close დახურვა