logo
ENG



დავით ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველოში ალი უზდენოვს ხორბლის შემოტანის საკითხზე შეხვდა

26 აპრ 202215:07
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ ალი უზდენოვს ბიზნეს სექტორთან ერთად ხორბლის შემოტანის საკითხზე შეხვდა. ხიდაშელის წერილს prime time ავრცელებს.

წერილში ხიდაშელი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან "არანაირი შეხვედრა არ გამართულა".

"ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია არის ჩემი მეგობარი, მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ ჩემს კომპანიებში შვეიცარიაში. მე საქართველოში წლების განმავლობაში არ ვიმყოფებოდი და არ ვსაქმიანობდი. რამდენიმე წლის წინ მთხოვეს ჩავრთულიყავი ერთ-ერთ ბიზნეს საკითხში, რომელიც ეხებოდა „რუსთავის აზოტის“ ქარხნის კრედიტს, თუმცა აღნიშნულ საკითხში არ ჩავრეულვარ.

"რუსთავის აზოტის" ქარხანას ჰქონდა ევტუშენოვის კუთვნილი კორპორაცია "სისტემისგან" 100 მლნ დოლარამდე კრედიტი აღებული, რომლის გასტუმრებაც ვერ ხერხდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ევტუშენკოვი 3-ჯერ იყო ჩამოსული საქართველოში. როგორც ვიცი, სასამართლო დავა კვლავ გრძელდება და არ მსურს დეტალებზე საუბარი, ვინაიდან ეს საკითხი მე არ მეხება.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ალი უზდენოვთან დაკავშირებით და საქართველოში ჩვენს შეხვედრებთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ალი უზდენოვი არის ბიზნესმენი და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. მოგეხსენებათ, საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა დავიწყე და გეგმაში მაქვს ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. გარდა ამისა, ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება. ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნეს სექტორთან, მეხორბლეებთან. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა. მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ვთხოვე შეხვედრა, თუმცა პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნეს სექტორთან.

აქვე განვმარტავ, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე ვარ ბიზნესმენი, საქართველოში ვახორციელებ 47-ზე მეტ პროექტს და კვლავ ვაპირებ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და დავეხმარო საქართველოს სხვადასხვა დარგის განვითარებას. იმის მიუხედავად, რამდენ ბინძურ დეზინფორმაციას გაავრცელებენ და რამდენ ბინძურ კამპანიას ააგორებენ ჩემს წინააღმდეგ, არ ვაპირებ რაიმე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას, ჩემი საქმიანობა ყოველთვის იყო მიმართული საქართველოს კეთილდღეობისკენ და ქართველი ხალხი ამას ხედავს და ყოველთვის დაინახავს", - ამბობს ხიდაშელი განცხადებაში.

გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს"

ფორმულასთან ექსკლუზიური ინტერვიუში ვლადიმერ ევტუშენკოვი, ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

მისი თქმით, მათ "მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით" ისაუბრეს.


close დახურვა