ქართული წარმოშობის რუსი მომღერლები სოსო პავლიაშვილი და გრიგორი ლეპსი კრემლის საკონცერტო დარბაზში უკრაინის ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცებისთვის იმღერებენ.
როგორც კრემლის დარბაზის ვებგვერდზეა აღნიშნული, გალა-კონცერტი 4 მაისს "საზოგადოებრივ-პატრიოტული აქციის" ფარგლებში გაიმართება, რომელსაც მადლობა ერთგულებისთვის, შთამომავლებო! ჰქვია. ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციის მიზანი მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნის შენარჩუნება და "ახალგაზრდა თაობისთვის სწორი ღირებულებების ფორმირებაა".
კონცერტის საპატიო სტუმრები იქნებიან წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმის მონაწილეები, ვეტერანები და უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილე რუსი სამხედროები. ღონისძიების ფარგლებში, რუს სამხედრო მოსამსახურეებს დააჯილდოებენ.
გალა-კონცერტში რუსული ესტრადის მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის იქნებიან პავლიაშვილი და ლეპსი.
