საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის პირველი ნაწილი უკვე შეავსო.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკომისიას ორშაბათს გადაეცემა.
"დღეს საქართველოს პრემიერმინისტრის თავმჯდომარეობით გაიმართა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა. აღნიშნულ კომისიაზე განვიხილეთ მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. მინდა გაცნობოთ, რომ დღეს ჩვენ კომისიის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად განვიხილეთ აღნიშნული საკითხი. აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა, ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა, ორშაბათს, ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.
კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.
კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა.