6 დეკემბერს ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის და ერთ-ერთი მფლობელის, დავით კეზერაშვილის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომა ჩაინიშნა.
ადვოკატების აზრით, სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონ ევროს დააკისრებს.
ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან იმავე გადაწყვეტილების მიღებისა და იძულებითი აღსრულების შემთხვევაში ფორმულას ფინანსური პრობლემები და ყადაღა ემუქრება.
„ველოდებით, რომ სააპელაციო სასამართლოც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა დაეკისრება ეს თანხა. ჩვენ ამას რა თქმა უნდა შემდეგ ინსტანციაშიც გავასაჩივრებთ, თუმცა მოლოდინი იმისა რომ რამე შეიცვლება ნამდვილად არ გვაქვს.
ტელეკომპანია ფორმულა რომ არ იყოს კრიტიკული მედია, რა თქმა უნდა ეს ნაბიჯებიც არ განხორციელდებოდა და ამ ინსტანციებსაც არ გაივლიდა ეს საქმე. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ მერე იძულებით აღსრულება დაიწყონ, რომ ეს თანხა ამოიღონ, რომელიც დავით კეზერაშვილს დაეკისრა ზიანის ნაწილში და შემდეგ დაყადაღდეს ტელეკომპანია ფორმულას ის წილი, რომელსაც დავით კეზერაშვილი ფლობს.
ამ დაყადაღებას შემდგომ უკვე მოჰყვება სხვადასხვა პრობლემები, მოხდება იძულებით აღსრულება აუქციონზე გაიყიდება“ - განაცხადა გიორგი გელხაურმა.
29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა.
ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.
დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.
პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.