logo
ENG



წილოსანი: თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რაც უკრაინის მთავრობისგან მოგვადგა

08 მაი 202211:52
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი ამბობს, რომ თუ არ ჩავთვლით რუსულ ოკუპაციას, არ ახსენდება "იმაზე დიდი შეურაცხყოფა", ვიდრე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებია. 

"მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მისამართით, თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას - ამის შემდეგ ნამდვილად არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რომელიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა". - თქვა წილოსანმა დროებასთან. მისი კომენტარის სრულ ვერსიას 8 მაისს, 20:00 საათზე ნახავთ. 

***
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმეორებენ, რომ საქართველო არ შეუერთდება სანქციებს. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ 1-ლ მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს, სანქციებს გვერდი სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მეშვეობით აუაროს.  კერძოდ, უკრაინული დაზვერვის ცნობით, იგეგმება რუსული პროდუქციის წარმოება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ და ექსპორტი მესამე ქვეყნებში.

მანამდე უკრაინის დაზვერვამ თქვა, რომ რუსეთს კონტრაბანდული იარაღი საქართველოს გავლით მიეწოდება. 

გარდა ამისა, გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის სატელეფონო ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დაადასტურა და თქვა, რომ ივანიშვილს "დასვენებზე ესაუბრა". 

ჩანაწერის მიხედვით, ივანიშვილმა ევტუშენკოვი და მისი წარმომადგენელი, ალი უზდენოვი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გადაამისამართა. მოგვიანებით ღარიბაშვილმა თქვა, რომ უზდენოვს არ შეხვედრია და ის, თავის მხრივ, ბიზნესსექტორთან შესახვედრად გაუშვა. 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოს მთავრობის პოზიციაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს და არ იკავებს ისეთივე მკაფიო პოზიციებს, როგორიც აქვს დასავლეთს და აშშ-ს. 

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოდოლიაკს "ჩვეულებრივი ვიგინდარა" უწოდეს, რომელმაც "ჯობია, თავის საქმეს მიხედოს". 


close დახურვა