საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს.
საავადმყოფოს ტერიტორიაზე პოლიციისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მანქანებია მობილიზებული. ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
კლინიკაში სპეციალური ზომები უკვე მიიღეს და საავადმყოფოს მე-5 სართულზე მიხეილ სააკაშვილისთვის სპეციალური პალატაც მოამზადეს.
იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გამოკვლევებზე გადაყვანა 10 მაისს შესთავაზა.
სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობითა და დეპრესიით, რამაც საბოლოო შედეგად დააყენა ანორექსია. კონსილიუმის დასკვნით, საჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.