logo
ENG


შაბათის ფორმულა: ზვიადაძის შვილმა 16 ტენდერი არ შეასრულა, ქვეყნის ბიუჯეტი დაზარალდა

14 მაი 202220:43
3 წუთის საკითხავი
clock 848

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სასულიერო აკადემიის რექტორი, სიონის ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე შვილს, თორნიკე ზვიადაძეს პრობლემებს ხელისუფლების დახმარებით უგვარებდა.

კერძოდ, თორნიკე ზვიადაძეს 7 კომპანია აქვს, რომლებსაც ბოლო 11 წელში სახელმწიფო უწყებებმა 8 მილიონ 700 ათასი ლარის, 40-ზე მეტი ხელშეკრულება გაუფორმეს. აქედან 2 მილიონ 200 ათასი ლარის სამუშაოები ზვიადაძის კომპანიებმა ვერ ან უხარისხოდ შეასრულეს, თუმცა ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯი ისევ ჩაურიცხეს. ჯამში, თორნიკე ზვიადაძის კომპანიებმა არ შეასრულეს 16 ტენდერის პირობები და 14-ჯერ მოხვდნენ შავ სიაში. შეუსრულებელი ტენდერების ძირითადი ნაწილი გზების მოასფალტებაა და ხრეშის დაყრაზე იყო გამოცხადებული.

სუს-ის ფაილებში აღმოჩენილი ინფორმაციის მიხედვით, მამის დახმარება უმცროს ზვიადაძეს იმ დროს სჭირდებოდა, როცა დამკვეთები უჩიოდნენ, ხან არასახარბიელოდ შესრულებული, ხან კი სულაც შეუსრულებელი სამუშაოების გამო.

ამონარიდი სუს-ის ფაილებიდან:"გიორგი ზვიადაძეს შვილმა, თორნიკემ აცნობა, რომ კახეთის რეგიონში აღებულ ობიექტებზე შეექმნა პრობლემები და სთხოვა თავისი კავშირების გამოყენებით დახმარება. გიორგი ზვიადაძემ დახმარება კახეთის გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს სთხოვა". აღსანიშნავია, რომ პროტოპრესვიტერის შვილმა 2018-2019 წლებში, 9 ხელშეკრულება გააფორმა. ამ დრომდე, მხოლოდ 2 ტენდერია შესრულებული, თუმცა ისიც დარღვევებით.

თორნიკე ზვიადაძე ტენდერებს ასრულებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში - გურჯაანი, ვანი, რუსთავი, თბილისი. შაბათის ფორმულა ესაუბრა თავად პროტოპრესვიტერს. გიორგი ზვიადაძე არ უარყოფს, რომ ნამდვილად ურეკავდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მისი შვილის პრობლემების მოსაგვარებლად.

"კი, ვურეკავდი ჩემი შვილი ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია აღმოჩნდა და ვთხოვე დახმარება, მაგრამ უარი მითხრეს", - თქვა ზვიადაძემ.

ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ ხარაგაულის ყოფილ მერთანაც. ნიკოლოზ თოფურიძემ დაგვიდასტურა, რომ მას სამინისტროდან დაურეკეს და სთხოვეს, რომ პროტოპრესვიტერის შვილის კომპანიისთვის ხელშეკრულების ვადა გაეხანგრძლივებინა.

ბოლო 11 წლის განმავლობაში თორნიკე ზვიადაძის შვილის კომპანიამ 8 მილიონ 700 ათასი ლარის ტენდერებზე გააფორმა ხელშეკრულება. ამ დრომდე მან მხოლოდ 2 მილიონ 200 ათასი ლარის სამუშაოები უხარისხოდ, ან არ შეასრულა. მიუხედავად ამისა სახელმწიფო უწყებები პროტოპრესვიტერის შვილის კომპანიას თანხებს მაინც ურიცხავენ, უმეტეს შემთხვევაში კი 80%-მდე ავანსად. დარღვევების მიუხედავად, არცერთი მათგანი არ მიმართავს სასამართლოს, ბიუჯეტის მილიონობით ლარით დაზარალებისთვის.


close დახურვა