logo
ENG



რ2-ის დამფუძნებელმა, დავით დვალმა, მთავარი არხის დასახმარებელ ფონდში 10 000 ლარი ჩარიცხა

20 მაი 202201:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/20/qnwx7vu9e9p37ps.jpg
კადრი: მთავარი არხი

"მედიის თავისუფლების ფონდში", რომელიც მთავარი არხის დასახმარებლად შეიქმნა და რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, პირველი შენატანი რუსთავი 2-ის დამფუძნებელმა, დავით დვალმა გააკეთა.

მთავარი არხის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ ფონდის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ საზოგადოების თხოვნითა და ბიზნესებისა თუ სხვადასხვა ინდივიდების მხარდაჭერით გადაწყვიტეს დაეარსებინათ "მედიის თავისუფლების ფონდში", რომლის უმთავრესი მიზანი ამ ეტაპზე მთავარი არხის შენარჩუნებაა.

გიორგი გაბუნიას თქმით, დავით დვალი პირველი ინვესტორია ფონდში და არხის გადარჩენისთვის მან 10 000 ლარი გადარიცხა. გაბუნია აცხადებს, რომ დვალის მხრიდან მხარდაჭერა მათთვისაც მოულოდნელი იყო.

„საზოგადოებიდან წამოვიდა ძალიან დიდი იმპულსი რომ არხის გადარჩენაში მათ მონაწილეობა მიეღოთ და პირველი, ჩვენთვის მოულოდნელად მოხდა, სიურპრიზი იყო, პირველი მკაფიო განაცხადი გააკეთა დავით დვალმა, რუსთავი 2-ის დამფუძნებელმა. ეს ძალიან სიმბოლურია ჩვენთვის, ყოფილი რუსთავი 2-ელებისთვის.

ნიკა გვარამიასთან მეგობრობას მას ვერავინ დააბრალებს, ვერც ნაციონალურ მოძრაობასთან მეგობრობას ნამდვილად ვერავინ დააბრალებს. ბატონმა დავითმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ რუსთავი 2 თავის დროზე მისთვისაც არ იყო მხოლოდ ბიზნეს პროექტი, მთავარი მისთვისაც იყო სიტყვის გამოხატვის, მედიის თავისუფლება.“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

დავით დვალმა კი ფონდის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ მთავარი არხის გუნდის დახმარება მისთვის პატივია. დვალის თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება არის ხელისუფლების მხრიდან დარტყმა კრიტიკული მედიაზე. 

"ეს არის ძალიან დიდი პატივი ჩემთვის, რომ ამ მებრძოლ კოლექტივს ამოვუდგე გვერდში ყველაზე კრიტიკულ ჟამს, ოღონდ არამარტო მთავარისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ის, რაც ახლა ხდება ჩვენს თავს, ჩვენი ქვეყნის თავს, იგივე ნიკა გვარამიას დაპატიმრება და ბევრი სხვა, რაც ბოლო დროს პროცესები ვითარდება, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის დივერსია ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ." - განაცხადა დავით დვალმა ფონდის პრეზენტაციისას.

დვალმა საზოგადოებას მედიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და კერძო კომპანიებს პირდაპირი დონაციების გარდა მხარდაჭერის ისეთი ფორმებით გამოხატვისკენაც მოუწოდა, როგორიცაა რეკლამების განთავსება, როგორც მთავარ არხზე ასევე სხვა კრიტიკულ ტელევიზიებზეც. 

"მედიის თავისუფლების ფონდში" მთავარი არხის დასახმარებლად შეიქმნა. თანხის ჩარიცხვა სხვადასხვა ვალუტაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.


close დახურვა