logo
ENG



15 წლის ბიჭს 5 თვე მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე იძულებით ამუშავებდნენ - შრომის ინსპექცია

20 მაი 202214:38
3 წუთის საკითხავი
clock 1621

შრომის ინსპექციამ არასრულწლოვანის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, არაგეგმური შემოწმების შედეგად დაადგინეს, რომ 15 წლის ბიჭს 5 თვის განმავლობაში მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე ამუშავებდნენ და მის მოვალეობაში შედიოდა ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა და ტერიტორიის დასუფთავება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე და ა.შ.).

გარდა ამისა, არასრულწლოვანის თქმით, მუშაობის დაწყებიდან მალევე კომპანიის დირექტორის მოადგილე მას სისტემატურად აიძულებდა სასაკლაოს მომიჯნავედ არსებულ მისი კუთვნილი ფერმაში მუშაობას, კერძოდ, მსხვილფეხა საქონლის მოვლას. 

„ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სამსახურიდან გაგდების მუქარით, თვეების განმავლობაში აიძულებდა არასრულწლოვანს მისი პირადი ფერმის საქმიანობის შესრულებას, რაშიც ის არანაირ გასამრჯელოს არ იღებდა.

მუშაობის დაწყებიდან 5 თვის თავზე, არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, რის შემდეგაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს და ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან.” - წერია შრომის ინსპექციის განცხადებაში.

შრომის ინსპექციამ იძულებითი შრომის გარდა ასევე დაადგინა, რომ დამსაქმებელმა დაარღვია ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება, რომლის მიხედვითაც აკრძალულია არასრულწლოვანის ისეთ სამსახურში დასაქმება რომელიც მძიმე, მავნე და საშიშ პირობებს მოიცავს. შრომის ინსპექციის განმარტებით მსხვილფეხა საქონლის სასაკლაო და ფერმა კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება. 

შრომის ინსპექციის სამსახურმა დამსაქმებელ კომპანიას არასრულწლოვანის იძულებითი შრომისა და შრომითი უფლებების დარღვევისათვის 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. 

ინსპექციის ცნობით, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.


close დახურვა