logo
ENG



პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში - კელის და კრამერის სტატია

24 მაი 202218:38
3 წუთის საკითხავი
 

პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში - ამ სათაურით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დევიდ კრამერი და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.

აშშ-ის გავლენიანი დიპლომატების ერთობლივ წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინა და საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და კანონის უზენაესობისთვის იბრძვიან, თუმცა ახლა, როცა უკრაინა იგერიებს რუსეთის თავდასხმებს, საქართველო, მისი შავი ზღვის მეზობელი, არასწორი მიმართულებით მიდის.

დიპლომატები ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, გაწევრიანდნენ NATO-სა და ევროკავშირში, მმართველი პარტია დასავლური ინტეგრაციის პოლიტიკას რიტორიკულად უჭერს მხარს, მისი ქმედებები კი აჩვენებს, რომ არასწორ ჯგუფებს ირჩევს.

დიპლომატების თქმით, უკრაინაში მიმდინარე კრიზისისას უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს მმართველობა უფრო და უფრო ემსგავსება რუსულ მოდელს, რაზეც მეტყველებს ქვეყნის ერთპარტიული მართვა და ოპოზიციის დევნა.

„ჩვენ ვალდებულები ვართ ქართველების წინაშე, რომლებიც იმედოვნებენ EU-სა და NATO-ში გაწევრიანებას, დაწესდეს მოგზაურობის აკრძალვები და სხვა სანქციები მათზე, ვინც ძირს უთხრის ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციას“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ამერიკელი დიპლომატები მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასაც ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე.

ამასთან, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ მმართველი გუნდი მტკიცედ აკონტროლებს სასამართლოს და მისი გადაწყვეტილებები ძლიერი ოპოზიციის თავიდან ასაცილებლადაა მიმართული.

კრამერი და კელი აღნიშნავენ, რომ ოცნება განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს დევნის და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომელმაც მათი თქმით, დაპატიმრების შემდეგ, ციხეში, ცუდი მოპყრობა განიცადა.

კელი და კრამერი აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქართული ოცნების პოლიტიკა უკრაინაში ომის მიმართ.

„როგორც რუსეთის მტრული შეჭრის მსხვერპლი, საქართველო უკრაინის პირველი მოკავშირე უნდა იყოს. სანაცვლოდ, საქართველოს მთავრობა უარს ამბობს რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. მოქალაქეების უკრაინაში ომში ჩართვის თავიდან აცილებამ და საქართველოს სავარაუდო მცდელობამ, დაეხმაროს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, აიძულა უკრაინა, ქვეყნიდან ელჩი გაეყვანა“, - აღნიშნავენ დიპლომატები.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი აზრისგან განსხვავებით, ქართული ოცნების წევრებს, მათ შორის ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრ, ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებში ადანაშაულებენ და მაგალითად ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ ევტუშენკოვის სატელეფონო საუბარი მოჰყავთ.

ამერიკელი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ აშშ-ს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აგვიანებს და აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან გავიდა, მას აშკარად აქვს დიდი გავლენა მთავრობის გადაწყვეტილებებზე და ქვეყნის პოლიტიკაზე.

„რუსეთის პერიფერიაზე არის მთელი რიგი რეჟიმები, რომლებსაც ეშინიათ EU-სთან და NATO-სთან თანამშრომლობისა და პუტინის გაბრაზების პროვოცირების. ჯერ არ არის გვიანი, რომ საქართველო არ გახდეს კიდევ ერთი ასეთი რეჟიმი. თუმცა, აშშ-მა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა ახლა მეტი უნდა გააკეთონ, რათა გამოავლინონ შეშფოთება ამ ტენდენციების მიმართ.

მათ უნდა იმოქმედონ, რათა ხელი შეუშალონ საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც კულისებს მიღმაა, მიიღონ გადაწყვეტილებები და განახორციელონ ისეთი პოლიტიკა, რომელიც საქართველოს დასავლეთისგან დააშორებს და რუსეთთან დააახლოებს“, - ვკითხულობთ ამერიკელი დიპლომატების სტატიაში.


close დახურვა