ევროპულმა პარტია ALDE-მ (ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსი) მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.
ALDE-მ რეზოლუციას მხარი დღეს დუბლინში გამართულ კონგრესზე დაუჭირა.
აღნიშნული რეზოლუცია 5-მა ქართულმა პარტიამ სტრატეგია აღმაშენებელმა, გირჩი – მეტი თავისუფლებამ, პარტიამ ლელო - საქართველოსთვის, თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკურმა პარტიამ შეადგინა.
რეზოლუციით პარტიამ ევროპულ საბჭოში წარმოდგენილ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის შეხვედრაზე 3 ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება დამატებითი გარღვევა ამ ქვეყნებში დემოკრატიის გასაძლიერებლად და რუსული გავლენებისგან გასათავისუფლებლად.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სამივე ქვეყანამ კანონის უზენაესობის, ძალაუფლების განაწილების დემოკრატიულ პრინციპების, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, მედიის თავისუფლებისა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტურ უფლებების დაცვასა და უზრუნველყოფაზე უწყვეტად უნდა იმუშაონ.
გირჩი - მეტი თავისუფლება და ლელო-საქართველოსთვის ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიების ალიანსის, ALDE-ს სრულფასოვანი წევრები 2 ივნისს გახდნენ. ალიანსს ასევე 2 ივნისს შეუერთდა უკრაინის მმართველი პარტია ხალხის მსახურიც.
ALDE 1976 წელს შეიქმნა და ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის 70 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს.