logo
ENG



სებ: კატეგორიულად გამოვრიცხავთ, სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორი გამოიყენოს

16 ივნ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock 869
2022/06/16/0pqf6w5xkg34rox.jpg

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სანქცირებული პირების მიერ საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებას გამორიცხავს.

ეროვნული ბანკის მტკიცებით, საქართველო საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს.

"ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს.

საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და ბუნებრივია, საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულირებისას ყოველთვის საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული მოთხოვნებით ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას გამორიცხავს"- აცხადებენ სებ-ში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ეროვნული ბანკის სწრაფ, ადეკვატურ და ეფექტიან მოქმედებებს არაერთხელ გამოეხმაურა როგორც დიპლომატიური კორპუსი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები".

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერმა დავით არახამიამ თქვა, რომ რუსული კომპანიები დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს გვერდს უვლიან, ამისთვის კი ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ.

გამოცემა "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ არახამიამ ვაშინგტონში, მარშალის ფონდის ღონისძიებაზე საუბრისას თქვა.

არახამიას თქმით, რუსეთი ინტენსიურად იყენებს "ქართულ ბანკებს, საფინანსო სისტემებს, ქართულ კომპანიებს და ა.შ", რათა დასავლეთის სანქციების რეჟიმს გვერდი აუაროს.

"თუ შენ ხარ სანქცირებული რუსი, შედიხან ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, ხსნი დისტანციურად საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას", - თქვა არახამიამ.


close დახურვა