logo
ENG



კობახიძე: აშშ-ის ელჩისგან ველოდი განმარტებას, რომ ჩარევა არ მომხდარა, ეს არ მოგვისმენია

20 ივლ 202215:31
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: აშშ-ის ელჩისგან ველოდი განმარტებას, რომ ჩარევა არ მომხდარა, ეს არ მოგვისმენია

ქართული ოცების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ის ელჩისგან არ მოუსმენიათ იმის განმარტება, რომ სასამართლო სისტემაში ჩარევა არ მომხდარა. იგი ამბობს, რომ ეს დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია.

კობახიძის თქმით, ელჩის წინააღმდეგ კამპანია აგორებული არაა, რადგან თუ სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება, ის ამისგან თავს იცავს.

"რაც შეეხება თვითონ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს, მე ველოდი მკაფიო განმარტებას და იმის უარყოფას, რომ ასეთი ჩარევა არ მომხდარა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს წარსულში, როდესაც კამპანია აგორებული იყო ზეწოლასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის საელჩოდან ამას არავინ იკადრებდა. შესაბამისად, სწორედ ასეთ პასუხს ველოდით ამერიკის ელჩისგან, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ ამერიკის საელჩოში ეს არავის უკადრია, შესაბამისად, ვფიქრობდით, ის უარყოფდა იმ ბრალდებას, რომელიც გაისმა მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან, თუმცა, ეს არ მოვისმინეთ, რაც არის ძალიან დამაფიქრებელი და ძალიან შემაშფოთებელი. ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე. ან უნდა იყოს ეს ფაქტი უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე", - თქვა კობახიძემ.

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ადასტურებს 20 მაისს ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის საელჩომ ამოშალა პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა.

ჩხიკვაძე ამბობს, რომ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

მოგვიანებით, მოსამართლემ სამთავრობო ტელეარხ იმედთან ისაუბრა და აშშ-ის საელჩოს მოსთხოვა აღნიშნულ თემაზე ახსნა-განმარტება გაეკეთებინა და კითხვაზე, რა ინტერესი აქვთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართულ სასამართლოზე მწვავე ბრალდებებით ილაპარაკონ, უპასუხა რომ "სასამართლოს ლანძღვა-გინება ტრენდული გახდა".

ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ ჩაერია მოსამართლის დამოუკიდებლობაში, არ შეესაბამება სიმართლეს.


close დახურვა