logo
ENG



ლიეტუვა: 14 წლის წინ მსოფლიოს პუტინი უნდა შეეჩერებინა, გაკვეთილები ვერ ვისწავლეთ

07 აგვ 202215:04
3 წუთის საკითხავი
clock 753
2022/08/07/61mnomvobavwddx.jpg

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავზე საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.

ლიეტუვის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მსოფლიოს რუსეთი 14 წლის წინ უნდა შეეჩერებინა, თუმცა გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ.

„ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. აგრესიამ გვაჩვენა განახლებული და მუდმივად მზარდი რუსული რევანშიზმი. მაშინ მსოფლიოს პუტინი უნდა შეეჩერებინა. გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ. რუსეთი ახლა უკრაინაში უნდა შევაჩეროთ. საკმარისია.“ - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 


close დახურვა