"მეტი აქტუალური საკითხი არ არის ქვეყანაში დარჩენილი, თქვენი აზრით?", - ასე პასუხობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჟურნალისტის კითხვას, "როდის დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი?".
რიჟვაძის თქმით, "ამ კონტექსტით კითხვების დასმა სამარცხვინოა".
"დღეს აქ რომ მობრძანდით, ეს მხოლოდ მთავრობის ვალდებულება არ არის პატივი მიაგოს გმირებს, ყველას ვალდებულებაა, მშვიდობიან ქვეყანაში ვცხოვრობდეთ. ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ ალბათ რაღაცას მათი ხსოვნისთვის და დღეს, ამ კონტექსტით რომ სვამთ კითხვებს, ალბათ სამარცხვინოა", - ამბობს რიჟვაძე.
2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.
სწორედ 2008 წლის 7 აგვისტოს დილით რუსეთის რეგულარულმა არასამშვიდობო სამხედრო ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით და შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, 7 აგვისტოა საქართველოში ომის დაწყების თარიღი.
რუსეთის მტკიცებას, რომ ომი არა 7, არამედ 8 აგვისტოს დაიწყო, აქვს პოლიტიკური მიზანი. ამით რუსეთი აცხადებს, რომ თითქოს მისი თავდასხმა საქართველოზე დაიწყო მხოლოდ მას მერე, რაც თბილისმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია ცხინვალის რეგიონში.
