პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ე.წ. მოსმენების კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრებაში სამართლებრივი არგუმენტი არაა. შენიშვნების მიუხედავად მმართველი პარტია ვეტოს დაძლევას აპირებს.
"ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია გადასახედია, თავად ვენეციის კომისიის მიერ და საზოგადოებისათვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. ვინაიდან ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ფაქტზე რომ ვენეციის კომისია იძლევა შენიშვნას. ამ დროს შინაარსში არავინ ცდილობს შევიდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავძლევთ ვეტოს.
სამართლებრივი არგუმენტია ვერ მოვისმინეთ კი არა, არაა სამართლებრივი არგუმენტაცია. იქ წერია, რომ ნაჩქარევად არის განხილული მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ მარტის თვიდან მიდის ამაზე კონსულტაციები. სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც, რომელსაც რეკომენდაციასაც ვერ ვუწოდებთ, არანაირ რაიმე შენიშვნას არსებითს საერთოდ არ ითვალისწინებს", - ამბობს ვოლსკი.
მოსმენების კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა. კომისია აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს.
ე.წ. მოსმენების კანონი ქართულმა ოცნებამ ივნისში მიიღო და პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო.
ქართული ოცნების დეპუტატებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადების შესახებ ცვლილებებს გულისხმობს. ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებას, საკომუნიკაციო არხებიდან ინფორმაციის მოხსნასა და ფარულ ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერას მოიცავს. მიღებული ცვლილებების შედეგად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები 9 თვემდე გახანგრძლივდება.