logo
ENG



ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს ნავსადგურებში დღემდე სანქცირებული გემი არ შემოსულა

31 აგვ 202217:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/31/v1ezuyzvcopbvvi.jpg
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს, რომ სანქცირებული გემი ან ტვირთი საქართველოს ნავსადგურებში დღემდე არ შემოსულა.

მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა ბრიფინგი საქართველოში ATACAMA-ს, როგორც სანქცირებული გემის შემოსვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაზე გამართა.

გურამიშვილის თქმით, ATACAMA ან მისი მფლობელი სანქცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში არ იძებნება.

„საქართველოს ნავსადგურებში დღემდე სანქცირებული გემი ან ტვირთი არ შემოსულა.სკრინინგის შედეგებზე დაყრდნობით, ცალსახად ვაცხადებთ, რომ რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მცდარი, გემი ATACAMA ან მისი მფლობელი არ იძებნება სანქცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი ცნობით, გემი სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ ცურავდა და ბათუმის აკვატორიის საღუზე რაიონში და არა ნავმისადგომთან 29 აგვისტოს დადგა. გურამიშვილის თქმით, გემის საქართველოს წყლებში შემოსვლის მიზანი იყო სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება იყო და გემს სატვირთო ოპერაციები არ განუხორციელებია.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოს საზღვაო აკვატორიაში სანქცირებული გემების შემოსვლაზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება  ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს აზიანებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის სანქციები არ ეხება რუსეთიდან ნავთობპროდუქტების მილსადენით ტრანსპორტირებას, თუმცა ნედლი ნავთობის იმპორტი სრულად 2022 წლის 5 დეკემბრიდან იკრძალება.

გურამიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუდმივად ამოწმებს საქართველოში შემოსულ როგორც გემებს ასევე გემთმფლობელებს და სანქციების სიაში მათი აღმოჩენის შემთხვევაში მათ საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, გემის მფლობელი, ან ტვირთი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


close დახურვა