logo
ENG



ენმ, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და NGO-ები ევროკავშირის 12 პუნქტზე მსჯელობენ

03 სექ 202212:20
3 წუთის საკითხავი
clock 1047

ნაციონალური მოძრაობის, ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან. შეხვედრის თემა ევროკავშირის 12-პუნქტის შესრულებაა. ეს პოლიტიკური პარტიები და NGO-ები არ მონაწილეობენ ხელისუფლების მიერ იმავე თემაზე ორგანიზებულ შეხვედრებში. 

ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი უახლოეს მომავალში წარადგენს ალტერნატიულ წინადადებას - კონკრეტულ კანონპროექტებს.

თუმცა, დეოლიგარქიზაციის პუნქტზე პოზიციები კვლავ შესაჯერებელია.

"ქართული პოლიტიკური რეალობა აბსოლუტურად განსხვავდება უკრაინის რეალობისგან, შესაბამისად, დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი აბსოლუტურად არაშესატყვისი იქნება საქართველოსთან. ჩვენ გვჭირდება ჩვენი გამოწვევების შესაბამისი რეგულაციების შეთავაზება. ამ სფეროს რეგულირება აუცილებლად დასჭირდება, ეს არ უნდა იყოს კონკრეტულ ინდივიდებზე გათვლილი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ არსებული ვითარების მოწესრიგება-დარეგულირება, რომ მომავალში არ მოხდეს სხვა ოლიგარქის მოსვლა ხელისუფლებაში ან თავად ხელისუფლების გადაქცევა ოლიგარქიულ მმართველობად". - ამბობს ენმ-ის წევრი ლევან ბეჟაშვილი. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, გურამ იმნაძე ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხზე ერთიანი პოზიცია სამოქალაქო ორგანზაციებშიც არ არის. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ყველა, 11 პუნქტი სრულყოფილად და კეთილსინდისერად შესრულდება, ოლიგარქიზაციის პრობლემა ავტომატურად მოგვარდება. თუ ჩვენს ქვეყანას ეყოლება ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტები, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო, ოლიგარქიული გავლენები იმთავითვე შემცირდება პოლიტიკურ თუ სხვა სოციალური და ეკონომიკურ პროცესებზე. 

თუმცა, არსებობს განსხვავებული აზრებიც, განიხილება იდეაც, რომ სპეციალური ნორმები გაჩნდეს ოლიგარქიზაციის პრობლემასთან გასამკლავებლად". - ამბობს იმნაძე. 

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა. 

მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს. 


close დახურვა