logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: რას გვახსენებს და გვასწავლის უკრაინა?!

11 სექ 202220:10
3 წუთის საკითხავი
clock 811

უკრაინიდან გავრცელებული კადრების შემყურემ წარმოუდგენელია დაიჯერო, რომ ქართველებს, საერთოდ - საქართველოს მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა ვინ ვისი მხარდამჭერია, არ აქვთ საკუთარ ქვეყანაში, ასეთივე შედეგის მიღწევით, იმ სიხარულისა და აღტაცების განცდის სურვილი, რომელიც ბალაკლეას თუ კუპიანსკის თავზე რუსული დროშის უკრაინულით ჩანაცვლებას მოჰყვება.

მოსკოვის უძლეველობის მითი თვალსა და ხელს შუა იმსხვრევა. ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინელებმა ხელშესახებ წარმატებას მიაღწიეს როგორც სამხრეთის, ისე აღმოსავლეთის ფრონტზე. გათავისუფლებულია 3 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი. ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება: "ლენდლიზი" - მსოფლიოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის დახმარების აქტი ძალაში მხოლოდ ახლა შედის. ყოველკვირეულად, უკრაინის სამხედრო ძალებს ათასობით ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და ესპანეთში ნატოს ბაზებზე გაწვრთნილი ოფიცერი და ჯარისკაცი ემატება; ქვეყანაში ყოველდღიურად ახალი, მაღალტექნოლოგიური დასავლური იარაღი შედის; რუსეთის ეკონომიკა კი სანქციების მარწუხებშია მოქცეული, რაც ზოგისთვის გარდაუვალი შიდა ჯანყის მოლოდინს შეიძლება არ იძლეოდეს, მაგრამ მასშტაბური და რაც მთავარია ეფექტური სამხედრო ოპერაციების წარმოებას შეუძლებელს ხდის. რეალურად მოსკოვმა უკვე აჩვენა შესაძლებლობების მაქსიმუმი, დასავლეთი კი მხოლოდ ახლა გადაეწყო ახალ სტრატეგიულ ამოცანაზე, რაც რუსეთის სრულ იზოლაციაში მოქცევას, ეკონომიკური სანქციებით დასუსტებას, გამოფიტვას და რაც მთავარია უკრაინაში მის სამხედრო დამარცხებას ისახავს მიზნად. მოკლედ რომ ვთქვათ: რუსების ვეგეტარიანელობის იმედი არავის აქვს - კბილები ისე უნდა მოემტვრეთ, რომ მინიმუმ სხვისი სახელმწიფო სხეულის დაგლეჯის სურვილი თეორიულადაც აღარასოდეს გაუჩნდეთ.

ამ, მართლაც ისტორიული პროცესის პარალელურად, ოცნების ხელისუფლება კვლავ თავს გვახვევს კაპიტულანტურ განწყობას: თითქოს ჩვენ არაფერი შეგვიძლია, მორჩილად უნდა მივდიოთ მოსკოვის არგაღიზიანების პოლიტიკას, მათ შორის დასავლეთის მტრის ხატად ქცევის ხარჯზეც. ხელისუფლება ცდილობს დაგვავიწყოს და ჩვენც ლამის დავიჯეროთ, რომ ქართველი ერის, როგორც თავისუფლების იდეის გარშემო შეკრული სუვერენული, კულტურული ერთობის არსებობა მითია, რომ ამ იდეების დამცველი გმირების არსებობა ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში მხოლოდ მწერლების და რეჟისორების მოგონილი ისტორიების დამსახურებაა.

საკუთარ სამარცხვინო უმოქმედობას, ფაქტობრივად რუსეთის პირდაპირ მხარდაჭერას კი საქართველოს ომში ჩართვის საფრთხით და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ამართლებს. თუ აქამდე ეს ხაზი დემაგოგიისთვის ფეხის მოსაკიდებელს კიდევ ტოვებდა, დღეს შეუძლებელია ვერ ხედავდე ისტორიის სასწორი საით იხრება. და იმასაც, რომ არც არავინ გთხოვს ომში ჩართვას და რაც მთავარია ვითარების ამდაგვარად წარმოჩენა არც არავის ჭირდება, გარდა თავად ოცნების ხელისუფლებისა, რომელიც რუსეთთან არაერთ ომგადატანილი, ტრავმირებული საზოგადოების შიშების მანიპულირებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც არამარტო ქართველების გმირებად იქცნენ პრეზიდენტი ზელენსკი, მისი მთავრობის წევრები, უკრაინელი სამხედროები თუ ექიმები, ჩვეულებრივი ადამიანები, ქალები თუ კაცები, რომლებიც არ დანებდნენ, ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან, თუ ზურგში გაუტეხლად მუშაობენ და საკუთარ ქვეყანას მართლაც გმირულად იცავენ.. ჩვენ კი, ვისაც ჩვენი გმირები გვყავდა და გვყავს, რომლებიც ურთულეს პერიოდში მარტონი უპირისპირდებოდნენ ბარბაროსებს და უკრაინელებზე არანაკლები თავგანწირვის მაგალითები შეუქმნიათ, მათი არსებობა გვავიწყდება, ამ ისტორიაში ეჭვი გვეპარება.

არადა, სულ ახლახან, ჩვენს გვერდით ცხოვრობდა გიორგი ანწუხელიძე. ჩვენს თვალწინ გააგზავნა მურთაზ რომელაშვილმა ორივე შვილი რუსეთთან საომრად და არავისთვის დაუმადლებია მათი გმირობა, პირიქით, ლამის ყოველდღე გვაფრთხილებს, რომ მტერს მოყვარეში ნუ ვურევთ. ბოლოსდაბოლოს ამ დღეებშიც, ამ წუთებშიც, ქართველი მეომრები უკრაინაში ორივე ქვეყნის მომავლისთვის სწირავენ თავს და გმირობისა და თავდადების ისტორიას ქმნიან. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვიხრი ქედს მათ წინაშე, ისინი გვინარჩუნებენ ჯერ კიდევ ღირსებას და არ გვაკარგვინებენ ქართველებს საკუთარი თავის პატივისცემას.

თუ ადრე, თითქმის მარტო ვიბრძოდით რუსეთის წინააღმდეგ, დღეს დასავლეთი უკრაინისა და საქართველოს გვერდით ბევრად აქტიურად დგას, ევროკავშირი კარს გვიღებს და დასავლური, ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვან წევრობას გვთავაზობს. ამიტომ, ნიჰილიზმისა და ხელის ჩაქნევის არც დრო და არ საფუძველი არსებობს.

მართალია ომი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკრაინის მხრიდან გარღვევა უკვე აშკარა და შეუქცევადია. ის ემოციები კი, რომლებმაც შეგვიპყრო და ტალღა, რომელზეც მოვიმართეთ, საქართველოს დასავლური მომავლის და კიდევ უფრო ზუსტად კი ქართული სახელმწიფოს მხარდამჭერებმა: ამ ქვეყნის პატრიოტმა მოქალაქეებმა, პარტიებმა თუ სამოქალაქო ორგანიზაციებმა აქტიურობისკენ, დაშვებული შეცდომების გამოსწორებისკენ და ძალაუფლების მიმტაცებელ ხელისუფლებაზე ტოტალური ზეწოლისკენ უნდა მივმართოთ. გამარჯვება რთული, მაგრამ გარდაუვალი იქნება, რადგან რუსეთი დასუსტების გზაზეა და მას უბრალოდ რესურსი აღარ ეყოფა იმისთვის, რომ რეგიონში გავლენები შეინარჩუნოს და ქართული ოცნების მსგავსი ხელისუფლებები გადაარჩინოს. უკრაინა გვაჩვენებს და გვასწავლის, რომ სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება, თუნდაც გვიან, მაგრამ გარდაუვალია, სხვაგვარად სამყარო დღემდე ვერ მოაღწევდა, სხვაგვარად ვერც ჩვენ გადავრჩებოდით.

და ბოლოს, უკრაინის სამხედრო წინსვლის და გამარჯვებების ამსახველი კადრები, მხოლოდ მეგობარი ქვეყნისა და ერის გულშემატკივრობის გამო არ გვანიჭებს სიხარულს და სიამოვნებას - ჩვენს გმირებს გვიცოცხლებს, საკუთარი თავის რწმენასაც გვიღვიძებს და ნათლად გვიხატავს სურათს, რომ არა მხოლოდ ბალაკლეას, კუპიანსკის ან იზიუმის თავზე აფრიალდა და კიდევ ბევრ უკრაინულ დასახლებაზე აღიმართება თავისუფალი სამყაროს სიმბოლოდ ქცეული უკრაინული ალამი, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მათ შორის უპირველესად თბილისის თავზე მოფრიალე ხუთჯვრიან დროშას აღარასოდეს დაჩრდილავს ჩაგვრის, რეგრესის, სისასტიკის, უნიჭობის, უკულტურობის და საერთოდ ანტიცივილიზებულობის დამღა-ნიშანი - რუსული ტრიკოლორი!


close დახურვა