აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს 13-14 სექტემბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და კალბაჯარსა და ლაჩინში განთავსებულ დანაყოფებს 13 სექტემბრის ღამითა და 14 სექტემბერს დილით საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.
„ამ დროისთვის ჩვენს პოზიციებს ცეცხლს უწყვეტად უხსნიან. ამ მიამრთულებით ჩვენმა დანაყოფებმა საჭირო საპასუხო ზომები მიიღეს“ - აცხადებს აზერბაიჯანის უწყება.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, 13-14 სექტემბერს ღამით აზერბაიჯანმა ჯერმუკის მიმართულებით საჰაერო თავდასხმა დრონების საშუალებით განახორციელა. სომხეთი აცხადებს, რომ დღეს დილიდან აზერბაიჯანმა არტილერია და მაღალი კალიბრის იარაღი გამოიტენა და „განაახლა წინა შეტევითი ოპერაციები, განსაკუთრებით ჯერმუკისა და ვერინ შორჟას მიმართულებით“.
„სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ ადეკვატურ საპასუხო მოქმედებებს და აგრძელებენ მის წინაშე დასახული საბრძოლო ამოცანების სრულად შესრულებას“ - აცხადებს სომხეთის უწყება.
***
13 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
უწყების ცნობით, დაიბომბა გორისი, სოტკი, ვარდენისი და ჯერმუკი.
ამავე დროს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ერევანი დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების მიმართულებით დივერსიაში დაადანაშაულა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის გაერთიანებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის ქვედანაყოფებს შორის ტერიტორია დანაღმეს მთიანი რელიეფისა და ხევების გამოყენებით.
სომხეთმა დახმარებისთვის რუსეთს, ODKB-სა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს მათი შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება დაიდო.