logo
ENG



კალაძე: მეტროში მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით პრობლემა არაა, პრობლემაა გამტარუნარიანობა

23 სექ 202201:18
3 წუთის საკითხავი
clock 1493
კალაძე: მეტროში მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით პრობლემა არაა, პრობლემაა გამტარუნარიანობა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, მეტროში მატარებელთა გადაადგილების ინტერვალების შემცირების საჭიროება არ არსებობს, რადგან მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს, პრობლემა ზოგიერთ მეტროში მგზავრთა გამტარუნარიანობაა.

მისი თქმით, ზოგიერთ სადგურში, მაგალითად ახმეტელის თეატრსა და ვარკეთილში პრობლემა იქმნება მეტროს შესასვლელთან, სადაც პიკის საათებში რიგები დგება, რაც მერის თქმით, დაპროექტების ბრალია.

კალაძის თქმით, მსგავსი პრობლემაა ვაგზლის მოედნის გადასასვლელ ხიდზეც, თუმცა მერის თქმით, ამ და სხვა დასახელებულ სადგურებში მატარებლების მიერ მგზავრების გადაყვანის კუთხით პრობლემა არ არსებობს.

„მეტროში არანაირი პრობლემა არ არის მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით. გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, ერთია ახმეტელის თეატრის მეტრო, ვარკეთილის მეტრო სადაც შესასვლელი ვერ უზრუნველყოფს ადამიანების გამტარუნარიანობას. ეს არის კომუნისტების დროს განხორციელებული პროექტი. რა თქმა უნდა თბილისი ბოლო წლებში გაიზარდა. არაოფიციალურად 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს დედაქალაქში და რა თქმა უნდა, ადამიანები რომლებიც მოიხმარენ, განსაკუთრებით პიკის საათებში, ეს არის დილის 08:30-დან 09:30-მდე, მაგალითად ახმეტელის მეტროს შესასვლელში, გარეთ არის რიგი. შიგნით მეტრო თავისუფლად უზრუნველყოფს ადამიანების გადაყვანას, ბაქანზე არანაირი ტრაფიკი არ არის - ეს პრობლემა მოხსნილია...

იგივე პრობლემა არის ვაგზლის მოედანზე, სადაც ვაგზლის მოედანზე არის გადასასვლელი. იქაც ადამიანების წაყვანის პრობლემა მეტროს არ აქვს. ერთადერთი პრობლემა არის გამტარუნარიანობა, სადაც 2 ხაზი უკავშირდება ერთმანეთს, სადაც ხშირ შემთხვევაში იქმნება ადამიანების ტრაფიკი. ეს არის პრობლემა, მეტროს გადაყვანის თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ აქვს“ – აცხადებს კალაძე.

თბილისის მერის ცნობით, საბჭოთა პერიოდის მეტრო ახმეტელის პროექტში მგზავრთა ნაკადის ზრდასთან ერთად სათადარიგო ამოსასვლელის დამატებაც გათვალისწინებული იყო. მერის თქმით, დღეს ეს ამოსასვლელი დალუქულია და მერია მუშაობს, რომ მეტროს მიმდებარედ შესაბამისი მიწები გამოისყიდონ და დამატებითი ამოსასვლელის პროექტის განხორციელება უზრუნველყონ.

კალაძე აცხადებს, რომ მეტროში მომხმარებლების გადაყვანის თვალსაზრისით პიკის საათებშიც არ არსებობს პრობლემა, შესაბამისად მეტროს მატარებლების გადაადგილების ინტერვალების შემცირების საჭირო არაა. თუმცა თუ მსგავსი პრობლემა გაჩნდა, კალაძის თქმით, გამოცხადებულია ტენდერი 40 ვაგონის შესყიდვაზე და პრობლემის აღმოსაფხვრელად ამ გზას მიმართავენ.

თბილისის მერმა ასევე ისაუბრა ავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

მისი თქმით, დამატებითი ავტობუსები გადაადგილების პრობლემას ვერ გადაჭრის და პირიქით, მდგომარეობა გაუარესდება.

კალაძე აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ავტობუსები საცობების გამო მარშრუტებს ვერ ასრულებენ, რისი მიზეზიც ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარდა ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთში გამტარიანობასთან დაკავშირებული პრობლემებია.

თბილისის მერი აცხადებს, რომ გამტარიანობის პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა ინფრასტრუქტურული ჩარევები, რისი შესაბამისი პროექტებიც არსებობს, თუმცა „ამ ყველაფერს ერთბაშად ვერ გააკეთებენ“.

კალაძემ თბილისის მოსახლეობას დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა და განაცხადა რომ „სხვანაირად შეუძლებელია საქმის კეთება და არსებული პრობლემების გამოსწორება“.

„საზოგადოებაში არის მოსაზრება, რომ იქნებ დამატებითი ავტობუსები დაინიშნოს. გულწრფელად ვეუბნები ადამიანებს, რომ ეს ვერ გადაჭრის ამ [გადაადგილების] პრობლემას. სანამ ეს სამუშაოები არ დასრულდება, ინფრასტრუქტურული პროექტების, დამატებით ავტობუსების დამატება კონკრეტულ ხაზებზე, კიდევ დამატებით პრობლემებს შექმნის. იმიტომ რომ საცობში თუ დღეს მანქანები და 2 ავტობუსი დგას,  იქნება 4 ავტობუსი საცობში.

პრობლემა არის, რომ არსებული საავტობუსო პარკი ვერ ახდენს იმ ბრუნების გაკეთებას საცობების გამო, რომელიც მათ აქვთ მითითებული მთელი დღის განმავლობაში. გუშინ, მაგალითად დაახლოებით 1300 ბრუნი ვერ შეასრულა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, ავტობუსებმა და ეს იმას ნიშნავს რომ 70 000 მგზავრის გადაყვანა ვერ მოხერხდა. ეს გამოწვეულია ამ [ინფრასტრუქტურული სამუშაოებით და გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში გვაქვს 20 კონკრეტული ადგილი, რომელიც არის პრობლემური, გამტარუნარიანობის თვალსაზრისით.

აქ საჭიროა ინფრასტრუქტურული ჩარევები და გვაქვს ეს პროექტები, მზად ვართ ამის გასაკეთებლად, მაგრამ ერთდროულად ხომ ვერ გავაკეთებთ ეს ხომ კიდევ დამატებითი კოლაფსი და უბედურება იქნება.  თანმიმდევრულად მივყვებით. გარკვეული დისკომფორტი არის, ბოდიში ამ დისკომფორტისთვის, მეგობრებო, მაგრამ, სხვანაირად შეუძლებელია საქმის კეთება და არსებული პრობლემების გამოსწორება“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

close დახურვა