logo
ENG



ზელენსკი: იზიუმში კიდევ 2 ახალი მასობრივი სამარხი იპოვეს

26 სექ 202200:21
3 წუთის საკითხავი
clock 547

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დეოკუპირებულ იზიუმში კიდევ ორი ახალი მასობრივი სამარხი იპოვეს. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში გააკეთა.

"დღეს დამატებითი ინფორმაცია მივიღე. იპოვეს კიდევ ორი მასობრივი სამარხი, დიდი სასაფლაოები, სადაც ასობით ადამიანია დამარხული. საუბარია პატარა ქალაქ იზიუმზე. პატარა ქალაქში კიდევ ორი მასობრივი სამარხი - აი რა ხდება", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სამართლიანია და მსოფლიომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებით ზეწოლა უნდა გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს ხარკივის რეგიონის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგეი ბოლვინოვმა განაცხადა, რომ გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სასაფლაო იპოვეს, სადაც 440 ადამიანია დაკრძალული. 

ზოგ სამარხზე ხის ჯვარია აღმართული, რომელზეც რიცხვებია დატანილი. ზოგიერთ მათგანზე დაღუპულის ვინაობა და სავარაუდოდ, დაღუპვის თარიღიცაა აღნიშნული. საფლავების ნაწილთან ყვავილები აწყვია.

ბოლვინოვის ცნობით, დაღუპულები ცალ-ცალკე არიან დაკრძალულნი. მისი თქმით, ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი საარტილერიო ცეცხლსა და საჰაერო თავდასხმებს ემსხვერპლა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ იზიუმის მასობრივ სამარხში აღმოჩენილ ცხედრებს წამების კვალი ეტყობათ. მისივე თქმით, სამარხში აღმოაჩინეს ბავშვების ცხედრებიც.


close დახურვა