ჩრდილოეთ ოსეთის ვიცეპრემიერი ირბეკ ტომაევი ამბობს, რომ ლარსის გამშვებ პუნქტთან, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რიგში 3 500 მსუბუქი ავტომობილი და 1 300 სატვირთო მანქანაა.
ტომაევის თქმით, გასულ კვირას ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვარი, ორივე მიმართულებით, 37 000-ზე მეტმა ავტომობილმა და 115 000-მა ადამიანმა გადაკვეთა, რაც მისივე თქმით, წინა კვირასთან შედარებით, 23.3%-ით მეტია.
"ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების გამო, ჩვენი რესპუბლიკის გავლით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილებით საქართველოს მიმართულებით გადამსვლელთა ნაკადი. დღეს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, საზღვარზე რიგში 3 500-მდე მსუბუქი ავტომობილია. სატრანზიტო მანქანების საერთო რაოდენობა 4 891-ს შეადგენს, მათ შორის 1 391 სატვირთოა", - თქვა ტომაევმა.
***
უკვე მეექვსე დღეა, ლარსის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში რუსეთის მოქალაქეები შემოდიან.
დღეს ტელეგრამარხებზე გამოჩნდა ფოტოები, სადაც რუსეთის მხრიდან ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროებისა და ჯავშანტრანსპორტის გადაადგილება ჩანს, რაც მოგვიანებით რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმაც დაადასტურა.
დღეს, 26 სექტემბერს გამოცემა Meduza-მ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება სამობილიზაციო ასაკის კაცებისთვის საზღვრების ჩაკეტვას აპირებს. მისივე თქმით, აკრძალვის შემოღების ყველაზე სავარაუდო თარიღი 28 სექტემბერია.
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გაწვევას ექვემდებარება ის, ვინც რეზერვში იმყოფება და აქვს შესაბამისი სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება. სამთავრობო პორტალზე "Explain.rf" ნათქვამია, რომ "პრიორიტეტულად" მობილიზებას ექვემდებარებიან 35 წლამდე რიგითები და სერჟანტები, 50 წლამდე უმცროსი ოფიცრები, 55 წლამდე უფროსი ოფიცრები. Meduza-ს ინფორმაციით, ჯარისკაცები და სერჟანტები რეზერვში არიან 50 წლამდე, გენერლები კი უკვე 70 წლამდე.