ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლის შემდეგ ბელარუსის მხრიდან ამ ე.წ ვიზიტის შესახებ დღეს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აფხაზეთი არაა ნახსენები, რაც კობახიძის აზრით, აჩენს იმედს, რომ ბელარუსი შეინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას.
ირაკლი კობახიძის თქმით, დრეს ლუკაშენკოს ოფიციალურ გვერდზე ეწერა რომ პრეზიდენტი შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე იყო ჩასული და კობახიძის აზრით, ეს მნიშვნელოვანი ჟესტია, მას შემდეგ, რაც გუშინ თავად ლუკაშენკომ მოიხსენია ეს ჩასვლა აფხაზეთში ვიზიტად.
პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ლუკაშენკოს ეს ნაბიჯი იმის მანიშნებელია, რომ „ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმედი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით“ და მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„დღეს საკმაოდ საინტერესო სათაურით გამოქვეყნდა თავად ლუკაშენკოს ვებ-გვერდზე მისი ე.წ ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია. იქ ეწერა, რომ ის იყო ჩასული შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე.
თავიდან, მისი მხრიდან იყო თუ არ ვცდები საუბარი აფხაზეთში ვიზიტზე და ამის შემდეგ შერბილებულია უკვე ეს ასე ვთქვათ, თუნდაც სათაური ამ ე.წ ვიზიტის და საუბარია იმაზე, რომ ის ჩავიდა არა აფხაზეთში არამედ შავი ზღვის სანაპიროს ისტორიული ადგილები მოინახულა. ეს ჟესტი არის თავისთავად რაღაცის მანიშნებელი. ანუ იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმედი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და ამ კუთხით, რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს“ - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ამჟამინდელი ოპოზიციური პარტიების ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში შედეგი, მათ შორის, ისიც იქნებოდა, რომ ბელარუსი აქამდე აღიარებდა ე.წ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
ოცნების თავმჯდომარის თქმით, ქართული ოცნებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით წარმატებული პოლიტიკა აქვს, ვინაიდან მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იმ ქვეყნების რიცხვი, ვინც ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს არ გაზრდილა, კვლავ 4-ია.
კობახიძის თქმით, დღესაც ეროვნული ინტერესია, რომ ამ ქვეყნების რიცხვი არ გაიზარდოს. კობახიძე აცხადებს, რომ საპირისპიროდ, ოპოზიციის ინტერესია, იმ ქვეყნებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებლად აღიარებს ბელარუსიც შეემატოს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფებოდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.