logo
ENG



IHR: ირანში საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 83 ადამიანი მოკლეს

30 სექ 202212:05
3 წუთის საკითხავი
clock 543
2022/09/30/6dbyv35n8nmzyml.jpg
Orhan Qereman / REUTERS

ირანში საპროტესტო აქციების დაწყებიდან სულ მცირე 83 ადამიანი დაიღუპა. აქტივისტები ირანის ქალაქებში კვლავ აპროტესტებენ 22 წლის მაჰსა ამინის დაკავებას და დაღუპვას.

ორგანიზაცია ირანის ადამიანის უფლებები (IHR) აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

"დადასტურებულია, რომ სულ მცირე 83 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც მოკლეს ირანის პროტესტში" - აცხადებს ორგანიზაცია.

მიუხედავად პოლიციის მხრიდან ძალადობისა საპროტესტო ტალღა არ წყდება თეირანში, ქომში, რაშტში, სანანდაჯში, მასჯედ-ი-სულეიმანსა და სხვა ქალაქებში.

სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პოლიციამ მრავალი "აჯანყებული" დააკავა, თუმცა ზუსტი რიცხვი არაა ცნობილი.

უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ათობით აქტივისტი, სტუდენტი, ხელოვანია დაკავებული. ჟურნალისტების დამცველმა კომიტეტმა კი 29 სექტემბერს განაცხადა, რომ აქციებზე უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 28 ჟურნალისტი დააკავეს.

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისის თქმით, "არეულობა" 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ირანის წინააღმდეგ "მტრული დასავლური ძალების" მორიგი ნაბიჯია.

„მტერმა შეცდომა გამოთვლებში დაუშვა, ისლამური ირანის 43 წლის ფონზე წარმოიდგინა, რომ ირანი სუსტი ქვეყანაა, რომელზე ბატონობაც შესაძლებელია“ - განაცხადა რაისიმ სახელმწიფო არხზე.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირმა მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ ირანს სანქციები უნდა დაუწესოს.

ნორვეგიაში, ოსლოში გამართული აქციის დროს კი ნორვეგიის პოლიციის ცნობით, რამდენიმე ადამიანმა ირანის საელჩოში შეჭრა სცადა. აქციაზე 2-მა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ ჯამში 95 ადამიანი დააკავა.

 

ირანში 2 კვირაა, ჰიჯაბის კანონების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

პროტესტის ნიშნად ირანელი ქალები საჯაროდ წვავენ თავსაბურავებს, იჭრიან თმას. 

პროტესტის ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის ირანელი უფლებადამცველი ქალი, მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და მასზე იძალადა. ქალი კომაში ჩავარდა, 3 დღის შემდეგ 16 სექტემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჰიჯაბის კანონების მიხედვით, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მიიღეს, ყველა ქალი ვალდებულია, საჯარო სივრცეებში ეხუროს თავსაბურავი და ეცვას მოშვებული ტანისამოსი, რომელიც მის სხეულს დაფარავს.

ირანის მორალის პოლიციას კი მათ შორის ევალება დარწმუნდეს, რომ ირანელი ქალები ამ კანონს ემორჩილებიან. კანონმდებლობის მიხედვით, ჰიჯაბის წესების დარღვევა ჯარიმას, დაკავებას ან გაროზგვას ითვალისწინებს.

ჰიჯაბის კანონების წინააღმდეგ უახლესი საპროტესტო ტალღა მაჰსა ამინიზე ძალადობისა და დაღუპვის შემდეგ, 16 სექტემბრიდან დაიწყო. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის პოლიცია პროტესტში მონაწილე აქტივისტების დაშლას ძალის გამოყენებით ცდილობს. აქტივისტები ყვებიან პოლიციის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაზე. 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ნადა ალ-ნაშიფმა შეშფოთება გამოთქვა იმ არასაჭირო და არაპროპორციული ძალის შესახებ, რასაც პოლიცია საპროტესტო აქციებისას ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ მიმართავს.

22 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-მ სანქციები დაუწესა ირანის მორალის პოლიციას, რომელიც ამინის დაკავებასა და დაღუპვაზეა პასუხისმგებელი და ასევე უსაფრთხოების სამსახურების იმ 7 წარმომადგენელს, ვინც მიმდინარე პროტესტების ჩახშობაზეა პასუხისმგებელი.

 

close დახურვა