გაეროში რუსეთის ელჩმა გამოცემა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვმა გაეროს შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტის შესახებ საჩივრების წერილით მიმართა. ელჩის თქმით, შესაძლოა, რუსეთმა უარი თქვას მომდევნო თვეში მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
შეთანხმებამ, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის შუამავლობით დაიდო, უკრაინას შესაძლებლობა მისცა, გაეგრძელებინა მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის პორტებიდან, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეუძლებელი გახდა. შეთანხმების ფარგლებში მოსკოვმა მიიღო გარანტიები საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტზე.
Reuters-თან ინტერვიუში გაეროში რუსეთის ელჩმა, გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ ეს პირობა არ სრულდება და მოსკოვმა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს წერილი გაუგზავნა, რომელშიც რუსეთის საჩივრების სიაა.
„თუ დავინახავთ, რომ არაფერი ხდება შეთანხმებაში რუსეთის მხარეს - რუსული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტი - მაშინ ბოდიში, მაგრამ ჩვენ ამას სხვაგვარად შევხედავთ“ - განაცხადა გატილოვმა.
გამოცემის ცნობით, გაეროს წარმომადგენლები მოსკოვში კვირას უნდა ჩავიდნენ, რათა განაახლონ შეთანხმება.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთმა უარი თქვას მარცვლეულის ექსპორტის განახლებაზე რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია.
„ამის შესაძლებლობა არსებობს... ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით მარცვლეულის მიწოდებას, თუმცა ეს შეთანხმება თანაბარი უნდა იყოს, სამართლიანი უნდა იყოს და ორივე მხრიდან სამართლიანად განხორციელებული“ - თქვა გატილოვმა.
გაეროს სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა კი განაცხადა რომ გაერო რუსეთთან, ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნებთან მუდმივ კონტაქტზეა, რათა გადაიჭრას შეტანხმებასთან დაკავშირებული პრობლემები.
„ჩვენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტზე ვართ, ისევე როგორც ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან, რათა გადავჭრათ რუსული მარცვლეულისა და გამანოყიერებლების ექსპორტთან დაკავშირებული ბოლო დაბრკოლებები“ - განაცხადა დუჟარიკმა.
მისი თქმით, გუტიერეში მიესალმება შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივის გაფართოებას.
გატილოვმა, რომელიც გაეროში ელჩამდე რუსეთის საგარეო საქმეთა ვიცე მინისტრი იყო, განაცხადა, რომ მისი აზრით, უკრაინაში ომი 8 თვის შემდეგ მოლაპარაკებების შესაძლებლობა ქრება, რის მიზეზადაც მათ შორის ყირიმის ხიდის „ტერორისტული აფეთქება“ დაასახელა, რაშიც რუსეთი უკრაინას და სხვა ქვეყნებს ადანაშაულებს.
„ეს ყველაფერი ართულებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღწევას“ - განაცხადა გატილოვმა.
22 ივლისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და "სამხრეთის" პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგრიკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ.
ამ ხელშეკრულებას ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხელი გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით მოაწერეს.
23 ივლისს რუსულმა ძალებმა ოდესის პორტი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს ოდესაზე თავდასხმის მიუხედავად დაიწყებს.
27 ივლისს უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ დადებული შეთანხმების შესაბამისად, უკრაინის შავი ზღვის სამმა პორტმა ფუნქციონირება განაახლა.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი 1-ელ აგვისტოს დატოვა.