logo
ENG



ზელენსკის ცნობით, უკრაინამ სამხრეთში 41 დასახლება გაათავისუფლა

11 ნოე 202200:39
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკის ცნობით, უკრაინამ სამხრეთში 41 დასახლება გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რუსეთის ოკუპაციისგან 41 დასახლება გაათავისუფლეს.

“დღეს ჩვენ კარგი ამბები გვაქვს სამხრეთიდან. უკრაინული დროშების რაოდენობა, რომლებიც სამართლიან ადგილს უბრუნდება მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში უკვე ათეულობითაა. 41 დასახლება გათავისუფლდა. მადლობა ჩვენს ყველა გმირს, ვინც ეს დაწინაურება შესაძლებელი გახადა“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ამ ყველაფრის მიღწევა თვეების განმავლობაში სასტიკი ბრძოლების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რამაც მრავალი უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა. "მტრები არ გადიან. ეს უკრაინელები აძევებენ ოკუპანტებს დიდი დანარკარგების ფასად" - განაცხადა ზელენსკიმ. 

მისი თქმით, უკრაინამ ახლა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, როგორც ბრძოლის ველზე ასევე დიპლომატიურად, რათა მთლიანად დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორიები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ოკუპირებულ ტერიტორიებიდან "მტრის სამფერა დროშები" გააქროს.

დღეს, 10 ნოემბერს უკრაინელმა სამხედროებმა მიკოლაევის ოლქი რუსი ოკუპანტებისგან სრულად გაათავისუფლეს. ინფორმაციას რადას სახალხო დეპუტატი რომან კოსტენკო ავრცელებს, რომელიც ოლქის ერთ-ერთ ქალაქში იმყოფება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დღის განმავლობაში უკრაინამ ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში ჯამში 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

შეიარაღებული ძალების მეთაურის ცნობით, დღის განმავლობაში პეტროპავლივკა - ნოვორაისკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები 7 კილომეტრით დაწინაურდნენ და კონტროლი 6 დასახლებაზე დაიბრუნეს. უკრაინა ასევე დაწინაურდა მიკოლაევში მდებარე პერვომაისკოედან ქალაქი ხერსონის მიმართულებით და აქაც 6 დასახლება დაიბრუნა.


close დახურვა