logo
ENG



"ჯორითაც დავდივარ" - სინოდის წევრი ამბობს, რომ 254 ათასლარიანი მანქანა მრევლმა აჩუქა

15 ნოე 202213:50
3 წუთის საკითხავი
 

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი აცხადებს, რომ 2022 წლის ტოიოტა ლენდკრუიზერი, რომლის ღირებულება 254 ათასი ლარია, მრევლმა აჩუქა.

მეუფე ავტომანქანით ამ ეტაპზე არ გადაადგილდება. ძვირადღირებული მანქანა ქვიშხეთის  რეზიდენციაში ჰყავს გაჩერებული.

"ვიღაცისთვის ფუფუნების საგანია, მაგრამ ჩემთვის არ არის... უფრო მეტად მნიშვნელოვან და დიდ საქმეებს ვემსახურებით, როგორც მე, ისე სხვა ეპისკოპოსები. უფრო რაციონალური, უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლითაც არ დაინტერესებულა არავინ, ახლა მანქანის თემა არის მნიშვნელოვანი", - თქვა ეპისკოპოსმა ფორმულასთან.

როგორ ის ამბობს, მრევლმა წარსულშიც გადაწყვიტა მისთვის მანქანა ეყიდა, თუმცა უარს ეუბნებოდა.

"მრავალგზის წირვაზე მივდიოდი - გზაში დავრჩი, დღესასწაული იყო - გზაში დავრჩი, არ აქვს მაგას მნიშვნელობა, არაერთმა მრევლმა ამ დიდი საქმისთვის [საგანმანათლებლო პროექტისთვის], ამ ქართული საქმისთვის მოიყვანეს [ მანქანა], რომ აღარც გზაში დავრჩე და ნორმალურად ვემსახურო. მრევლი გაერთიანდა, გააკეთეს ბანასთვის შემოწირულობა", - თქვა ეპისკოპოსმა.

"ჯორიც მყავს მონასტერში, ჯორითაც დავდივარ, ტრაქტორითაც დავდივარ და კამაზით და უამრავი სამშენებლო ტრანსპორტითაც დავდივარ, ამაზეც ისაუბრეთ მაშინ. რაც საჭიროა იმას საქმისთვის ვიყენებ და არა კომფორტისთვის", - განაცხადა მეუფემ.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ახალი მანქანის შესახებ დეკანო ილია ჭიღლაძის პოსტიდან გახდა ცნობილი.

"მის ყოვლადუსმღვდელოესობას, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონ ცაკაშვილს გულითადად ვულოცავ $120 000 ღირებული ლენდკრუიზერ 300 - 2022 - ის ყიდვას და მარნეულის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანთან გათანაბრებას, რომელმაც წინა თვეებში დაასწრო ამ მოდელის მანქანის შეძენა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია, გული არ გაიტეხო, "წმინდაო მეუფეო"! ჭეშმარიტად ძმური და ქრისტესმიერი მონაზვნური უპოვარება და უბრალოებაა! ა(ნა)ქსიოს!

P.S. ქვეყანაში, სადაც ბავშვები და მოხუცები შიმშილობენ და წამალი არ აქვთ, ეს გაქსუებული უვიცი ნაძირლები ძვირადღირებული მანქანებით ეჯიბრებიან ერთმანეთს! გულისამრევები" - დაწერა ჭიღლაძემ.


close დახურვა