logo
ENG



Politico-ს ცნობით, EU-ს ენერგეტიკის საბჭო რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვარზე კვლავ ვერ შეთანხმდა

24 ნოე 202219:40
3 წუთის საკითხავი
clock 544
2022/11/24/0zuel9qjvv4t2al.jpg
EU

გამოცემა Politico-ს ცნობით, ბრიუსელში ევროკავშირის ენერგეტიკის საბჭო რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე კვლავ ვერ შეთანხმდა.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე ქვეყანამ ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ენერგოკრიზისის სრულ პაკეტს მხარი არ დაუჭირა, ვიდრე რუსეთისთვის გაზის ფასის ზედა ზღვრის საკითხი არ გადაიჭრება.

გამოცემა 4 დიპლომატზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მინისტრები ბრიუსელში ენერგეტიკის საბჭოს შეხვედრისთვის შეიკრიბნენ და მიაღწიეს არაფორმალურ შეთანხმებას კომისიის ენერგოკრიზისის შესახებ პაკეტის ნაკლებად საკამათო საკითხებზე, თუმცა ვერ შეთანხმდნენ ე.წ ბაზრის კორექტირების მექანიზმის კუთხით.

2 დიპლომატი კი გამოცემასთან აცხადებს, რომ ქვეყნების ალიანსმა, რომლებიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდნენ კომისიის წინადადებას განაცხადეს, რომ ოფიციალურად არ დათანხმდებოდნენ ფართო პაკეტს, გაზის ფასის ზედა ზღვრის საკითხის მოგვარებამდე. ეს 5 ქვეყანაა ბელგია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი და საბერძნეთი.

დიპლომატები გამოცემასთან აცხადებენ, რომ საბოლოო შეთანხმებისთვის კიდევ ერთი ენერგეტიკის საბჭოს საგანგებო სხდომა იქნება საჭირო, რომელიც, მათი თქმით 13 დეკემბერს ჩაინიშნა. ამის შემდეგ კი, ევროკავშირის წარმომადგენლების ცნობით, შესაძლებელი იქნება 15-16 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერების მხრიდან შეთანხმებაზე ხელმოწერა.

კომისიის მიერ შეთავაზებული ე.წ ბაზრის მაკორექტირებელი მექანიზმი მოიცავს მომავალ თვეებში რუსეთისთვის გაზზე ფასის ზედა ზღვარს ევროკავშირის მთავარ სავაჭრო პუნქტთან TTF-თან ვაჭრობისას. Title Transfer Facility არის ნიდერლანდური ბუნებრივი აირის ვირტუალური სავაჭრო ობიექტი. კომისიის შეთავაზების მიხედვით ფასის ზედა ზღვარი მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, როცა ფასები 2 კვირაში საათში მეგავატზე 275 ევროს გადააჭარბებს და ეს ფასები იქნება 58 ევროთი მეტი ვიდრე გლობალური თხევადი ბუნებრივი გაზის ფასი 10 დღის განმავლობაში.

ევროკომისიის გეგმა ორივე მხარემ გააკრიტიკა. იმ ქვეყნებმა, ვინც ზედა ზღვრის დაწესებას მხარს უჭერენ განაცხადეს, რომ ეს გეგმა ისეა შედგენილი, რომ არსებობს შანსი, არასდროს ამოქმედდეს. ფასის ზღვრის მოწინააღმდეგე ქვეყნებმა კი განაცხადეს, რომ ეს შეთავაზება ევროკავშირის ფინანსურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.

ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრისას არაფორმალურად შეთანხმდნენ, კომისიის გეგმაზე, რომ დააჩქარონ განახლებად რესურსებთან დაკავშირებული პროექტები და ენერგოკრიზისთან დაკავშირებული სოლიდარობის პაკეტზე, რაც მოიცავს ევროკავშირში გაზის ერთობლივ შეძენას, ბლოკის შიგნით გაზის რესურსების მიმოცვლის უზრუნველყოფილიყო საჭირო ზომების მიღება და თხევადი ბუნებრივი გაზის ახალი ფასის ზღვარი.

 

close დახურვა