logo
ENG



თოლორაია ბაკურაძეზე: ეს საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას, ქმნის უსაფრთხოების რისკებს

28 ნოე 202218:31
3 წუთის საკითხავი
clock 212
თოლორაია ბაკურაძეზე: ეს საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას, ქმნის უსაფრთხოების რისკებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია იმედის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ კრიტიკული კომენტარების გამო, ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძის მხრიდან მოქალაქეების პირად ნომრებზე დარეკვა უდიდეს საფრთხეს უქმნის აზრი გამოხატვის თავისუფლებას და წარმოშობს ფიზიკურ პირთა უსაფრთხოების რისკებს.

ლონდა თოლორაიას თქმით, სიუჟეტი აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ მარიკა ბაკურაძისთვის ტელეფონის ნომრების გადაცემა განახორციელა პირმა/უწყებამ, რომელსაც ხელი მიუწვდება ოფიციალურ მონაცემთა ბაზაზე.

"ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის მიერ კომენტარების ავტორების ტელეფონის ნომრების მოპოვებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით:

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი არ ვრცელდება ჟურნალისტებზე. შესაბამისად, მედიის წარმომადგენლის მიერ ამ კანონის დარღვევის/არდარღვევის ფაქტზე ვერ იმსჯელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;
  • ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ჟურნალისტი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლება (ფიზიკური პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა). ჟურნალისტს სხვისი პირადი ცხოვრების პატივისცემას ასევე ავალდებულებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპი (ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას);
  • ჟურნალისტის ეს ქმედება არა მხოლოდ არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ასევე უდიდეს საფრთხეს უქმნის აზრი გამოხატვის თავისუფლებას და წარმოშობს ფიზიკურ პირთა უსაფრთხოების რისკებს. აუცილებელია ჟურნალისტმა ამ საფრთხეებზე იფიქროს;
  • ამ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოს შესწავლის საგანი უნდა გახდეს, ვინ გადასცა აღნიშნულ ჟურნალისტს მითითებული პერსონალური მონაცემები - ტელეფონის ნომრები. სიუჟეტი აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ მისთვის ტელეფონის ნომრების გადაცემა განახორციელა პირმა/უწყებამ, რომელსაც ხელი მიუწვდება ოფიციალურ მონაცემთა ბაზაზე;
  • სამწუხაროდ, პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოს არაერთხელ დაუდგენია ოფიციალურ მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების უკანონოდ სხვისთვის გადაცემის ან/და პირადი მიზნებით გამოყენების ფაქტი"- წერს ის.

დღეს, 28 ნოემბერს გადაცემა იმედის დღის წამყვანმა, მარიკა ბაკურაძემ ერთ-ერთ სიუჟეტზე დაწერილი კრიტიკული კომენტარების ავტორებს პირად მობილურებზე დაურეკა და პასუხი მოსთხოვა

წამყვანს არ დაუკონკრეტებია, საიდან მოიპოვა მობილურის ნომრები და როცა ერთ-ერთი მოქალაქე ამით დაინტერესდა, ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.

სიუჟეტის ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყებამ საკითხის შესწავლა დაიწყო.


close დახურვა