logo
ENG



კალაძე TV პირველზე: მოლოდინი არ მაქვს, რომ სხვა დროს აღარ მოგვიწევს სასამართლოში შეხვედრა

30 ნოე 202217:53
3 წუთის საკითხავი
clock 486
კალაძე TV პირველზე: მოლოდინი არ მაქვს, რომ სხვა დროს აღარ მოგვიწევს სასამართლოში შეხვედრა

თბილისის მერი, კახა კალაძე TV პირველისა და ჟურნალისტს მამულაშვილის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება "საერთოდ არ მიაჩნია ვინმეს გამარჯვებად". მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოში შეხვედრა აღარ მოუწევთ

კალაძე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ამ ყველაფრის უკან "რეალურად, გაცილებით მძიმე ფაქტი" დგას - მისი მტკიცებით, ეს არის "ფეიკნიუსები, ცილისწამების შემცველი განცხადებები".

"თუ გვინდა შევდგეთ პასუხისმგებლობიან საზოგადოებად, არ უნდა მივცეთ არავის უფლება, ნორმად აქციოს ტყუილი, შანტაჟი და დეზინფორმაციის გავრცელება. ყველაზე მეტად ეს გაზარალებთ თქვენ, ქართულ მედიას, რადგან, ის რაც გადის ტელეეთერებით ან იწერება საინფორმაციო საშუალებებში, პირდაპირ შეეხება თითოეულ თქვენგანს.

საბოლოოდ კი, მედიის ენით გადმოცემული აგრესია და სიძულვილი ილექება საზოგადოებაში. ამდენად, მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ეს პრეცედენტი იყოს ბოლო, პატივი ვცეთ მაყურებელს, მკითხველს, მსმენელს და არ მოვატყუოთ ის.

რაც შეეხება უშუალოდ TV პირველს, რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ არხი შეცვლის პოლიტიკას და აღარ იქნება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის რუპორი, მათი დაკვეთების შემსრულებელი. არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ სხვა დროს აღარ მოგვიწევს სასამართლოში შეხვედრა. ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საჯარო უარყოფას მათ მიერ გავრცელებული ტყუილის", - აცხადებს კალაძე.

დღეს სასამართლომ TV პირველსა და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაცია ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ გაავრცელა.

კახა კალაძის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ დაკისრებული თანხა ნორმალური ანაზღაურებაა.

"სამწუხაროა, ვთქვათ, რომ უფრო მეტი არ დაეკისრა", - აღნიშნა ადვოკატმა.

კახა კალაძემ საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თვის წინ მიმართა. მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ის 100 ათას ლარს მოითხოვდა. კალაძე ჟურნალისტის მიერ, მისი აზრით, ცილისმწამებლური ცნობის უარყოფასაც ითხოვდა.

საქმე ეხებოდა მაია მამულაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კახა კალაძის მიერ ტენდერებში სავარაუდო კორუფციულ გარიგებას. 


close დახურვა